ახალი ამბები
უფლისციხეში მამა-შვილი დააკავეს
გორის შს სამმართველოს თანამშრომლები უფლისციხის სასაფლაოზე მომხდარ დაპირისპირებას იძიებენ. ხიდისთავის განყოფილების თანამშრომლებმა ჯერ მამა - იოსებ (ნუკრი) ბიბილაშვილი, მეორე დღეს კი, მისი შვილი - 28 წლის გიორგი ბიბილაშვილი დააკავეს. ორივე მათგანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

საფლავთკურთხევის დროს, სასაფლაოზე, ჩხუბში სხეულის დაზიანებები მიიღეს გიორგი ბიბილაშვილმა და ასევე მისი გარდაცვლილი ძმის მეუღლემ. სასაფლაოზე, ოჯახის წევრების გარდა, იმყოფებოდნენ იოსებ (ნუკრი) ბიბილაშვილის დისშვილები. ჩხუბში დისშვილების მონაწილეობის ფაქტს პოლიცია ცალკე იძიებს. საქმეში პოლიცია იმავე საღამოს ჩაერთო. თუმცა, კონფლიქტი 2018 წლის ზაფხულიდანაა დაწყებული.

ერთ საცხოვრებელ სახლში ცხოვრობენ: პაპა, ბებია, მათი შვილი და რძალი: - იოსებ (ნუკრი) ბიბილაშვილი და ეკა ბიბილაშვილი, ასევე, შვილიშვილი - 28 წლის გიორგი ბიბილაშვილი, რომელსაც ჰყავს მეუღლე ორი მცირეწლოვანი შვილით. ოჯახში, კიდევ ერთი, გარდაცვლილი შვილის მეუღლე ცხოვრობს თავის შვილებით.

სასამართლოს წინ გიორგი ბიბილაშვილის დედა - ეკა ბიბილაშვილი ტირის. ის ითხოვს, რომ უდანაშაულოდ დაჭერილი შვილის გათავისუფლებას, რადგან 28-წლის მამაკაცი ძალადობის მსხვერპლია მამისგან, თანაც დიდი ხანია. როგორც მათი ადვოკატი გიორგი გორისეველი აცხადებს, გიორგი ბიბილაშვილს სხეულზე მრავლობითი დაჟეჟილობები აღენიშნება. ეს დაჟეჟილობები, მისი განმარტებით, დაკავებულის მამამ და მამიდაშვილებმა მიაყენეს.



ასევე დაკავებულ მამას - იოსებ (ნუკრი) ბიბილაშვილს და მის დისშვილებს კი ადვოკატი ელზა პავლიაშვილი იცავს. იოსებ (ნუკრი) ბიბილაშვილის და, ლეილა ბიბილაშვილი-წიწიკაშვილი აცხადებს, რომ საფლავთკურთხევის დროს, გიორგი ბიბილაშვილი გაშლილ სუფრაზე მივიდა და სუფრა გადაყარა. ჩემი ძმის საფლავზე რატომ მოხვედითო. სწორედ, ამან გამოიწვია ოჯახის წევრებს შორის დაპირისპირება და ჩხუბიო. ოჯახის წევრებს შორის ატეხილ ჩხუბში დაშავდნენ ქალებიც.

,,პაპა და ბებია სახლს არ უმტკიცებს შვილიშვილს, რაზეც გასულ წელს მოხდა კონფლიქტი. პაპის და ბებიის მიმართ მუქარაზე გიორგი დაკავებული იყო კიდეც. პაპისა და ბებიის შეურაცხყოფას არ პატიობს ჩემი ძმა თავის შვილს" - აცხადებს ლეილა ბიბილაშვილი.

გიორგი ბიბილაშვილის მეუღლე კი აცხადებს, რომ პატარაობიდან მისი ქმარი - გიორგი და დედა განიცდიან ძალადობას იოსებ (ნუკრი) ბიბილაშვილის მხრიდან.

,,კონფლიქტის დაწყება არ უკავშირდება ოჯახურ დავას. ეს უკავშირდება იმ ფაქტს, როდესაც ჩემი მამამთილი ძალადობდა თავის მეუღლეზე და ამას შევეწინააღმდეგე. გასულ ზაფხულს მამამთილი დაიჭირეს, სადაც ერთ-ერთ დაზარალებულად მე ვიყავი. მთელმა სოფელმა იცის, რომ წლები მამამთილი თავის მეუღლეზე ძალადობდა. რაკი, ამ ძალადობის ფაქტზე მამამთილი შარშან დაიჭირეს, გადაწყვიტეს, რომ ჩვენთვის სამაგიერო გადაეხადათ. მამამთილმა თავის მოხუც მშობლებს დააწერინა, რომ თურმე მათზე, ჩემი მეუღლე გიორგი ძალადობდა. პაპამ და ბაბომ შვილიშვილი დააჭერინეს და ეს გააკეთებინა ნუკრიმ" - აცხადებს გიორგი ბიბილაშვილის მეუღლე. მისი განმარტებით, ქონებრივი დავის თემა სწორედ ამ ფაქტების შემდეგ წამოვიდა.

,,სწორედ, ამის შემდეგ ბაბომ და პაპამ გადაწყვიტეს სახლიდან ჩვენი გასახლება, რადგან ნუკრი დავაჭერინეთ. სახლის გაფორმება კი ლეილა ბიბილაშვილზე და მის შვილებზე სურს, ნუკრის დაზე და მის შვილებზე." - განმარტავს გიორგი ბიბილაშვილის მეუღლე.

იგი მოითხოვს, რომ დაისაჯნონ ლეილა ბიბილაშვილის შვილებიც - ჯონდო და ბონდო წიწიკაშვილები, რომლებიც ბიძას - ნუკრი ბიბილაშვილს მიეხმარნენ, რა დროსაც გარდაცვლილის მეუღლეც დაშავდა.

მრავალწევრიანი ოჯახში ამჟამად მხოლოდ ქალბატონები დარჩნენ. მათ ჰყავთ საქონელი, რომლის მოვლა, საკუთარი ძალებით, მათი თქმით, არ შეუძლოთ. ,,ჩემი ქმარი დაიჭირეს, ამით ჩემი მცირეწლოვანი შვილები დაუცველები დარჩნენ." - აცხადებს 28-წლის გიორგი ბიბილაშვილის მეუღლე.

Print

სტატიის გამოყენების პირობები