ახალი ამბები
3 მაისი - პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეა
პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს საფუძველი ჯერ კიდევ 1991 წელს აფრიკელი ჟურნალისტების მიერ მიღებულმა "ვინდჰუკის დეკლარაციამ" ჩაუყარა, ხოლო გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ეს თარიღი პრესის თავისუფლების დღედ ოფიციალურად 1993 წელს გამოაცხადა.

ციფრულმა ეპოქამ, ინტერნეტის განვითარებამ, სოციალურმა ქსელებმა, ბლოგოსფერომ და სამოქალაქო ჟურნალისტიკამ, წლების განმავლობაში, მთლიანად შეცვალა მედიალანდშაფტი, თუმცა მსოფლიო მედია კვლავ დგას მთავარი პრობლემების წინაშე: ჟურნალისტთა უსაფრთხოება (იუნესკოს მონაცემებით, ბოლო 20 წელიწადში მსოფლიოში დაახლოებით 600 ჟურნალისტი მოკლეს), მათზე ფიზიკური ზეწოლა, ხელისუფალთა მხრიდან მუქარა, ცენზურა. საქართველოს მედია, ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, ყოველთვის იდგა გამოწვევების წინაშე.

დღეს, 3 მაისს, ბათუმში მედიაფორუმი გაიხსნა პრესის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად. ფორუმის ორგანიზატორი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოა.

დღეს მედიის განვითარების ინდექსი საქართველოში გაუარესდა – მონაცემები ბათუმში გამართულ მედიაფორუმზე ეკა ბასილაიამ გააჟღერა, IREX-ის მედიის განვითარების ინდექსის მკვლევარმა. ინფორმაციას გაზეთი ,,ბათუმელები" ავრცელებს.

2018 წელს საქართველოში მედიის განვითარების ინდექსი იყო 2.26, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული მედია შერეულად მდგრადი სისტემით ხასიათდება. წინა წლებთან შედარებით ეს მაჩვენებელი 0.06 ქულით შემცირდა.

"რამდენიმე მიმართულებით დაფიქსირდა პრობლემა, მათ შორის, ყველაზე მაღალი იყო პროფესიული ჟურნალისტიკის კუთხით. პრობლემაა ასევე პლურალისტური მედიაგარემოს და ბიზნესმენეჯმენტის კუთხით,"- აღნიშნა ეკა ბასილაიამ, IREX-ის მედიის განვითარების ინდექსის მკვლევარმა.

ინდექსის მონაცემებით, უარყოფითად შეფასდა მაუწყებლობის შესახებ კანონში შესული ცვლილებები და საზოგადოებრივი მაუწყებლის საკითხები.

"მე ოპტიმისტური მოლოდინი არ მაქვს,"- თქვა IREX-ის მედიაგანვითარების მკვლევარმა პრეზენტაციის დასასრულს. ის შეეხო აჭარის ტელევიზიის დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის თემასაც და აღნიშნა, რომ ეს ტელევიზია ინდექსის ამ "მაჩვენებლების გაკეთილშობილებას ცდილობდა".

ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოში მედიის განვითარების ინდექსი ყოველწლიურად იკლებს.დამოუკიდებლობა და სიძლიერე ხელისუფლების სამივე შტოს და მთლიანად სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების გარანტიაა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები