ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრის რჩეულ მუნიციპალიტეტში თანხა 1 მლნ-ზე მეტი დარჩა ასათვისებელი

 

წარმატებული მუნიციპალიტეტების სია პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გუბერნატორებთან, გამგებლებთან და მერებთან გამართულ შეხვედრაზე გამოაცხადა.

 

ჯერ კიდევ 2015 წლის 29 იანვრის სხდომაზე Qartli.gE-სთვის ცნობილი გახდა, რომ კასპის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტში ნაშთის სახით 1 მლნ 300 ათასი ლარი იყო დარჩენილი. ამ საკითხმა საკრებულოს სხდომაზე ხმაური გამოიწვია. საკრებულოს წევრების ნაწილი მიიჩნევს, რომ გამგეობამ არაეფექტურად იმუშავა. გამგებელი და საფინანსო სამსახურის უფროსი ჭარბ შემოსავალზე, ეკონომიაზე და დაზოგილ პრემიებზე აკეთებდნენ აქცენტს.

 

,,პირველად კასპის ისტორიაში, ფინანსთა სამინისტრომ კასპი გადახდისუნარიანად აღიარა" - განაცხადა მაშინ მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა. იხ. სხდომის ჩანაწერი აქ:

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კახეთის 4, სამცხე-ჯავახეთის 4; იმერეთის 5; ქვემო ქართლის 4; სამეგრელო-ზემო სვანეთის 5, გურიის 2; აჭარის 5 და შიდა ქართლის 1 მუნიციპალიტეტებში თანხები ეფექტურად აითვისეს. აქედან 100%-იანი მაჩვენებლი ხობის და შუახევის მუნიციპალიტეტებს აქვს.

 

,,არის ქალაქები და გამგეობები, სადაც ძალიან ეფექტურად იმუშავეს და სრულად ეფექტურად აითვისეს თანხები. მე მინდა გამოვყო რამდენიმე მათგანი. დავიწყებ კახეთიდან - სიღნაღი, გურჯანი, თელავი, დედოფლისწყარო, მათ აქვთ ათვისება 93%-94%-ის ფარგლებში. სამცხე-ჯავახეთში -ახალქალაქი, ახალციხე, ბირჯომი, ადიგენი, სადაც 90%-ის ფარგლებში აქვთ ათვისება გასულ წელს. იმერეთში - ბაღდათის მუნიციპალიტეტი, თერჯოლა, ხონი, საჩხერე, ჭიათურა. ასევე კარგი შესრულება აქვს ქვემო-ქართლში დმანისის, ბოლნისის, წალკის, მარნეულის მუნიციპალიტეტებს. სამეგრელო-ზემო სვანეთში ხობის მუნიციპალიტეტს აქვს 100% შესრულება, სენაკი, მარტვილი, აბაშა, ზუგდიდი. გურიაში - ოზურგეთი, ჩოხატაური. აჭარაში - შუახევი 100%-იანი ათვისება, ხელვაჩაური -99%; ხულო, ქობულეთი, ქედა -98%; შიდა ქართლში მე მინდა გამოვყო კასპის მუნიციპალიტეტი." - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

მისი თქმით, დანარჩენ რაიონებს  დაბალი ათვისება აქვთ.

 

,,მე მინდა ეს გამოასწოროთ სასწრაფოდ ამ წელს. რაჭა ლეჩხუმში, აქ არის 94 % ათვისება. ამბროლაური 94 %-იანი ათვისება. მცხეთა მთიანეთში 90% ათვისება, თიანეთში 80 % -იანი, დანარჩენებს გაქვთ ჩამორჩენა 70 % -ს ქვევით. ეს არის მაგალითები, რომელიც მე მინდოდა თქვენთვის მომეყვანა."- განაცხადა პრემიერმა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები