ახალი ამბები
მერია გორის საკრებულოს სთხოვს, რომ 100-ლარიანი დახმარებები გააუქმოს
გორის მერიაში სურთ, რომ სოციალური დახმარების გაცემის წესში ცვლილება შევიდეს, ხოლო ის მუხლი გაუქმდეს, რომელიც უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფ ოჯახებისთვის ერთჯერადად 100 ლარით ადახმარებას ითვალისწინებს.

ამის შესახებ 10 მაისს დაგეგმილ საკრებულოს სხდომაზე იმსჯელებენ. მერია ოფიციალურად განმარტავს, რომ კონკრეტული მუხლის გაუქმების მიზეზი დიდი მიმართვიანობაა.

მხოლოდ ერთ თვეში მერიას 796 ბენეფიციარმა მიმართა, ადგილობრივი ხელისუფლება კი მხოლოდ 92 ოჯახს დაეხმარა.

100-ლარიანი დახმარების კუთხით 2019 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში სულ 18 800 ლარია გამოყოფილი. ეს თანხა ოთხ თვეში თითქმის სრულად გაიხარჯა.

საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის განმარტებით, მერია მუხლის გაუქმებას თანხების უქონლობის მიზეზით ხსნის.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სოციალური დახმარების გაცემის წესში ცვლილება 2018 წლის 14 დეკემბერს შეიტანა და ახალი მუხლი დაამატა, რომელიც მიუსაფარ პირთა და უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახების ფულადი 100 ლარიან დახმარებას ითვალისწინებდა. 10 მაისის საკრებულოს სხდომაზე კი ამ მუხლის გაუქმებას უყრიან კენჭს.

სოციალური დახმარების გაუქმების ავტორი მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები