ახალი ამბები
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ და ამ დაავადების რისკის ქვეშ მყოფ პირთა მხარდამჭერი პროექტი დასრულდა
,,გორი ლაიონს ქლაბის" წევრებმა დაასრულეს პროექტი, რომლის მიზანი, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ და ამ დაავადების რისკის ქვეშ მყოფ პირთა მხარდაჭერა იყო. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს პროექტის წარმომადგენელი ლელა წურწუმია ესაუბრა.

მისი თქმით, პროექტის განხორციელების დროს, ბენეფიციარებმა მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენეს. რამდენიმე ბენეფიციარმა დიაბეტთან ბრძოლას წარმატებით გაართვა თავი:

,,ჩვენი პროექტის ერთ-ერთ წარმატებად ის ფაქტი მიგვაჩნია, რომ ჩვენს ტრენინგებზე დასწრების შემდეგ, მოქალაქეებმა ცხოვრებისა და კვების წესი შეცვალეს. საინფორმაციო შეხვედრების დროს, გამოცდილი სპეციალისტები მათ საჭირო ჩვევებს და უნარებს აცნობდნენ. საინტერესოა ის გარემოებაც, რომ ადამიანებმა ცხოვრების წესის შეცვლა ტრენინგებიდანვე დაიწყეს" - აცხადებს ლელა წურწუმია.



პროექტის ფარგლებში ემერჯენს ჯგუფის წევრებმა შვიდი 4-დღიანი ტრენინგი ჩაატარეს. გაიმართა საინფორმაციო აქციები სხვადასხვა დასახლებებში, მათ შორის, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში. მოსახლეობას დიაბეტისა და ჭარბი წონის შესახებ ბუკლეტები დაურიგეს.

პროექტის მიზანია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ და შაქრიანი დიაბეტის რისკის ქვეშ მყოფ პირთა სწავლების გზით საკუთარ თავზე დაკვირვებისა და თვითკონტროლის უნარების განვითარების ხელშეწყობა, პაციენტების ორგანიზმში შესაძლო სხვა პარალელური დაავადების გართულების პრევენციისთვის საჭირო უნარებით აღჭურვა, მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება სწორი მკურნალობით და ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებით.

,,პროექტი იყო საინტერესო ინტერაქტიული ბენეფიციარების საჭიროებაზე მორგებული, მადლობა თითოეულ მონაწილეს აქტიურობისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს" - აღნიშნა ლელა წურწუმიამ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები