ახალი ამბები
სოფლის მეურნეობის მინისტრი გორში სეტყვისგან დაზარალებულს კიდევ ერთხელ შეხვდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დღეს გორში, სეტყვისგან დაზარალებულებს კიდევ ერთხელ შეხვდება. ამის შესახებ შეთანხმება მინისტრსა და მოსახლეობას შორის გუშინ შეხვედრის დასრულებისას შედგა.

მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ უმჯობესია სეტყვისგან დაზარალებულებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის დიალოგი გაგრძელდეს. ერთსაათიანი შეხვედრა კულტურის ცენტრის დარბაზში გაიმართა. მოსახლეობა ერთჯერად დახმარებას ითხოვდა, თუმცა მინისტრის შეთავაზებები მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა და დიდმა ნაწილმა დარბაზი დატოვა.

,,მაშინ გამოყავით თითო სოფლიდან 2 წარმომადგენელი და გავაგრძელოთ შეხვედრები. ასევე, იქნებით ჩართული იმ პროცესებში, რომელსაც ჩვენ საბანკო სექტორთან და სხვა შესაბამის სტრუქტურებთან გავმართავთ მოლაპარაკებებს" - განუცხადა დავითაშვილმა.

დავითაშვილი მოსახლეობას პირდება, რომ ბანკებთან იშუამდგომლებს სესხების გადავადების ან შეღავათების თაობაზე. ასევე, პირობა დადო, რომ მთავრობა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების დამონტაჟებაზე იზრუნებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები