ახალი ამბები
,,გამოსავალი არის დაზღვევაში" - მინისტრის შეთავაზებები სეტყვისგან დაზარალებულ მოსახლეობას
თითქმის ერთი საათი გაგრძელდა შეხვედრა გორში სოფლის მეურნეობის მინისტრსა და იმ ფერმერებს შორის, რომლებიც სეტყვისგან დაზარალდნენ. ლევან დავითაშვილმა კულტურის ცენტრში შეკრებილებს მთავრობის მიერ შემუშავებული წინადადებები გააცნო.

შეთავაზებული წინადადებები რამდენიმე ადამიანისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ფერემები მიხვდნენ, რომ მთავრობა მათ სადაზღვევო პროგრამაში ჩართვისკენ უბიძგებს. ეს კი, უკმაყოფილების მიზეზი გახდა. 

,,თქვენ გინდათ, რომ დაზღვევაში ჩაგვრთოთ. გაიკითხეთ სოფელში დღეს რამდენი ადამიანი წაიყვანეს სასწრაფოთი. გადაამოწმეთ 112-ში და ნახავთ. თქვე კაი ხალხო, როგორ ჩავიდე სოფელში და ვთქვა, მთავრობა 200 ლარით გვეხმარებაო" - ამბობდა ერთ-ერთი მათგანი.

რამდენიმე ფერმერმა მოითხოვა, რომ ზიანი, ზარალის რაოდენობის მიხედვით, ანაზღაურდეს. ამის საშუალება კი, მინისტრის განცხადებით, მთავრობას არა აქვს:

,,შედგება სიები, რომლის მიხედვით, დაზარალებულ მოსახლეობას ერთ ჰა-ზე 200 ლარიანი ვაუჩერი გადაეცემა. ასევე, გავწევთ შუამდგომლობას, რათა ბანკებთან სესხების გადავადება მოხდეს. გაზაფხულისთვის კი, სამელიორაციო სამუშაოებისას, ისარგებლებთ შეღავათით" - აღნიშნა მინისტრმა.

გორის მუნიციპალიტეტის სოფლები 2019 წლის 25 მაისს დაისეტყვა. 15-მდე ადმინისტრაციულ თემში სეტყვამ და ქარმა მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. 27 მაისს აქცია გორის მერიის შენობის წინ გაიმართა. შემდეგ ავტობანზე გადაინაცვლა. საღამოს კი, საპროექტო აქციის მონაწილეებს კულტურის ცენტრის დიდ დარბაზში შეხვდა. მინისტრმა ერთდღიანი ვადა ითხოვა კონკრეტული წინადადებების შესათავაზებლად.

ხ. შეხვედრის ვიდეოვერსია

Print

სტატიის გამოყენების პირობები