ახალი ამბები
ბრიფინგის თემა - არის თუ არა ეს დოკუმენტი?

 

საჯარო რეესტრის მონაცემებით ზურაბ ჯირკველიშვილი სასათბურე მეურნეობის დირექტორად 2012 წლის 3 დეკემბერს, ხოლო მანამდე, დირექტორის მოადგილედ 2012 წლის 1 ნოემბერს დაინიშნა. ,,თრიალეთის" მომზადებულ მასალებში, სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები, აცხადებენ, რომ ჯირკველიშვილი სასათბურე მეურნეობაში ,,ნაციონალური მოძრაობის" პერიოდში, ანუ 2012 წლის 1 ოქტომბრამდე მივიდა. ზურაბ ჯირკველიშვილის დღევანდელი, 19 მარტის ბრიფინგი, სწორედ, ამ დოკუმენტური მასალების წარმოდგენას მიეძღვნა.

 

ტელეკომპანია ,,თრიალეთის" ჟურნალისტი გვანცა დოლუაშვილი აღნიშნავს, რომ ბოლო მასალებში, ისინი იმ ქონებრივ დეკლარაციას დაეყრდნენ, რომელიც ზურაბ ჯირკველიშვილმა 2014 წლის ოქტომბერს შეავსო. ამ დეკლარაციაში ზურაბ ჯირკველიშვილი უთითებს, რომ სასათბურე მეურნეობაში სამეწარმეო საქმიანობას 2012 წლის 26 აპრილიდან შეუდგა. იქვე ეს თარიღი იმ პუნქტშიცაა მითითებული, რომელიც სასათბურე მეურნეობის რეგისტრაციას ეხება.

 

,,ქონებრივ დეკლარაციაში 2012 წლის 26 აპრილი მითითებულია, როგორც საწარმოს რეგისტრაციის თარიღი, ასევე მითითებულია, რომ ზურაბ ჯირკველიშვილმა სამეწარმეო საქმიანობა დირექტორის თანამდებობაზე ამავე თარიღით დაიწყო, ეს წარმოადგენს ტექნიკურ შეცდომას, რომელიც კანონით დადგენილ 48 საათში ვერ შესწორდა. კომპანიის შესახებ ინფორმაციის მოძიების დროს კი ამოსავალი წერტილი საჯარო რეესტრის მონაცემები უნდა იყოს. აღნიშნულ მონაცემებში ჯირკველიშვილი სასათბურე მეურნეობაში 2012 წლის 1 ნოემბრიდან ჩნდება და არა 26 აპრილიდან." - გვეუბნება შალვა ტლაშაძე.

 

მერის მრჩეველმა კიდევ ერთი ოფიციალური მონაცემი გამოაქვეყნა. შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობით, ზურაბ ჯირკველიშვილმა სასათბურე მეურნეობიდან პირველი შემოსავალი, ხელფასის სახით, 2012 წლის ნოემბერში მიიღო. ,,ეს ის მტკიცებულებებია, რომელიც ადასტურებს, რომ ამჟამინდელ მერს სასათბურე მეურნეობაში ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში შეხება საერთოდ არ ჰქონდა" - უთითებს შალვა ტლაშაძე ,,თრიალეთის" ჟურნალისტს.

 

,,თრიალეთის" ჟურნალისტი გვანცა დოლუაშვილი აღნიშნავს, რომ სატელევიზიო სიუჟეტის მომზადების დროს, ქალაქის მერმა ბოლო პერიოდში ,,თრიალეთის" ჟურნალისტებს ინტერვიუ არ მისცა. ჩვენს კითხვაზე, ჰქონდათ თუ არა წვდომა ,,თრიალეთის" ჟურნალისტებს საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზასთან, გვანცა დოლუაშვილმა გვიპასუხა, რომ ეს საკითხები საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელთან და უშუალოდ იმ ჟურნალისტებთან უნდა გავიაროთ, რომლებმაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში სიუჟეტები მოამზადეს.

 

გვანცა დოლიაშვილს აინტერესებს, რატომ იღებდა ზურაბ ჯირკველიშვილი ხელფასს იმ სახელმწიფო საწარმოდან, რომელიც როგორც აღმოჩნდა არამომგებიანი იყო. შალვა ტლაშაძემ ამის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ჯირკველიშვილი საწარმოში პატიოსნად მუშაობდა. ხოლო ის, რომ გორის სასათბურე მეურნეობა სახელმწიფო საწარმოა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდიდან სუბსიდიის სახით ფინანსდებოდა, ეს დეტალი ბრიფინგის მხარეებს გამორჩათ. 

 

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ქალაქის მერს, არასწორად შევსებულ დეკლარაციის გამო, საჯარო სამსახურის ბიუროსთან აქვს გასარკვევი, არის ის, რომ ეს შეცდომა სამართალდარღვევად არ ჩაუთვალონ. ქონებრივ დეკლარაციებს საჯარო მოხელეები, სწორედ, საჯარო სამსახურის ბიუროში ავსებენ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები