,,მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა ევროკავშირში ეკონომიკური პოლიტიკის მთავარ განმაპირობებელ ფაქტორად არის აღიარებული და ბოლო 10 წლის მანძილზე განსაკუთრებული ქმედებები იქნა განხორციელებული საკითხის პოლიტიკურ, ადმინისტრაციულ და ინსტიტუციონალურ დონეებზე რეალიზებისათვის. სწორედ ამ მიზნით ქალაქ გორის მერიაში შემუშავდა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის, დასაქმების და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს როგორც მოქმედი მცირე მეწარმეების განვითარებას, ასევე ახალი, ნოვატორული ბიზნეს იდეების განხორციელებას, რათა მათ სამომავლოდ თავად შეძლონ საკუთარი ბიზნესის განვითარება დამატებითი ინვესტიციების მოზიდვით." - აღნიშნულია პროგრამის აღწერილობით ნაწილში.
პროგრამა ითვალისწინებს კონკურსის შედეგად გამოვლინდეს და დაფინანსდეს ექვსი საუკეთესო ბიზნეს იდეა. ერთი 15 000 ლარიანი, ორი 10 000 ლარიანი და სამი 5 000 ლარიანი პროექტი. ასევე გამოვლინდება 3 სარეზერვო პროექტი (რომელიმე გამარჯვებული პროექტის ვერ/არ განხორციელების შემთხვევაში დაფინანსდება სარეზერვო პროექტი).
პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების ავტორები გაივლიან გადამზადების კურსს შემდეგი მართულებებით: ბიზნეს ადმინისტრირება; სოციალური მეწარმეობა; ფინანსური ანალიზი და დაგეგმვა; ბიზნეს-პროექტების წერა; ინვესტიციების მოზიდვა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.
პროექტების განხილვის და გამარჯვებულის გამოვლენის მიზნით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ქმნის ქალაქ გორის მერი. ჯგუფი უნდა შედგებოდეს 5 წევრისგან, მათ შორის 2 საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან წარმოდგენილი და 1 მოწვეული პირისგან. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ სპეციალური სააპლიკაციო ფორმა, დაურთონ პროექტი და წარუდგინოს სამუშაო ჯგუფს.
გამარჯვებული პროექტების საქმიანობას, ხარჯების მიზნობრიობას და პროექტით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას, მონიტორინგს გაუწევს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახური. თანხების არამიზნობრივად ხარჯვის გამოვლენის შემთხვევაში, მერია უფლებამოსილია მოითხოვოს პროექტით გათვალისწინებული თანხის უკან დაბრუნება ან/და რეზერვში მყოფი პროექტისთვის გადაცემა.
პროექტის შერჩევის კრიტერიუმებია:
ა) მდგრადობა/განვითარების პერქსპექტივა; პროექტი გათვლილი უნდა იყოს მინიმუმ 2 წელზე
ბ) დასაქმებულთა რაოდენობა; დასაქმებულთა რაოდენობა უნდა იყოს მინიმუმ 3
გ) მაქსიმალური შედეგის მიღწევა;
დ) ინოვაციურობა; პროექტი უნდა იყოს სიახლე ბაზარზე
ე) განხორციელების რეალურობა; სამუშაო ჯგუფმა უნდა განსაზღვროს რამდენად შესრულებადია ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხებით პროექტის რეალური განხორციელება;
ვ) დაბალი რისკები; რამდენად აქვს პროექტის ავტორს გამოცდილება იგივე ან მონათესავე სფეროში მუშაობის. მოდის თუ არა პროექტის ავტორი თანადაფინანსებაზე და რა პროცენტული მაჩვენებლით.
ზ) ინვესტიციის მოზიდვის პერსპექტივა; წარმოდგენილ კრიტერიუმების დათვლადობას უზრუნველყოფს სამუშაო ჯგუფი და ამტკიცებს ქალაქის მერი.
აღნიშნული პროგრამა საკრებულომ უნდა დაამტკიცოს.
ფოტოზე: მარჯვნივ ქალაქის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი, მარცხნივ - საკრებულოს თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე.
სტატიის გამოყენების პირობები