ახალი ამბები
,,ამხანაგობებით" დაფინანსებული პროექტების განხორციელება დაიწყო

 

გორის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამით" დაფინანსებული პროექტების განხორციელება ამ ეზოთი დაიწყო. ადგილზე ქალაქის მერი ზურაბ ჯირკველიშვილიც იმყოფებოდა.


პროექტის ფარგლებში 70 გრძივ მეტრზე ახალი პოლიეთილენის მილები მონტაჟდება. რასაც მიწის ზედაპირის მოპირკეთების სამუშაოები მოჰყვება. სამუშაოები 15 აპრილისათვის უნდა დასრულდეს.


,,ჩვენს ბინაში წყლის სისტემა დაახლოებით 60 წლის წინ დამონტაჟდა და მას შემდეგ არ გამოცვლილა. მილები იმდენად იყო დაზიანებული, რომ ონკანებში დაბინძურებული წყალი მოდიოდა. გაუვალობის გამო წყალი ეზოში გუბდებოდა და სარდაფებში ჩაგვდიოდა. კორპუსში 45 ოჯახი ვცხოვრობთ. ჩვენი ხარჯებით რომ გაგვეკეთებინა სისტემა, თითოეულ ოჯახს 190 ლარი უნდა გადაგვეხადა. მერიის თანადაფინანსებით კი თითოეულს მხოლოდ 38 ლარის გადახდა გვიწევს, რაც ძალიან დიდი შეღავათია. ფაქტიურად, 38 ლარით გადავჭერით წლების მანძილზე მოუგვარებელი პრობლემა. ახლა უკვე ახალ პროექტსაც ვამზადებთ. ,,ამხანაგობების თანადაფინანსების პროგრამა“ ჩვენი საერთო გასაჭირის მოგვარების საუკეთესო გზაა.“ -განუცხადეს კორპუსის მცხოვრებლებმა ქალაქის მერს.


2015 წლის ადგილობრივიბიუჯეტით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების პროგრამისთვის 250 000 ლარია გამოყოფილი. უახლოეს მომავალში პროგრამაში ცვლილებების განხორციელებაც იგეგმება. საკრებულოსათვის უკვე წარდგენილ პროექტში მერიის თანადაფინანსების 80%-იანი წილი 90%-მდეაგაზრდილი. დამატებით კი გათვალისწინებულია ამხანაგობების სოციალურად დაუცველი წევრების ფინანსური წილის 100%-ით დაფინანსებაც. 


,,თანადაფინანსების პროგრამა საუკეთესო ბერკეტია ამ ეტაპზე, რითაც პრივატიზებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების კანონიერად დახმარება შეგვიძლია. ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მოქალაქეების თანამშრომლობის კარგი ფორმა- მოქალაქეთა აქტიური ჩართულობითა და მინიმალური ფინანსური თანამონაწილეობით განხორციელდეს პატარ-პატარა პროექტები მათივე საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად. ამასთანავე, თანამონაწილეობა ამაღლებს მოსახლეობის პასუხისმგებლობასაც, რომ უფრო მეტად მოუფრთხილდნენ საერთო საკუთრებას. თუ საკრებულო გაიზიარებს ჩვენს მოსაზრებას პროგრამაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით და დაგვიმტკიცებს წარდგენილ პროექტს, ,,ამხანაგობების პროგრამა“ მოსახლეობისთვისუფრო ხელმისაწვდომიგახდება, რითაც გაიზრდება მათი ჩართულობა თვითმმართველობის საქმიანობაში და ჩვენც მეტი პროექტის განხორციელების შესაძლებლობა მოგვეცემა.“ -აცხადებენ მერიაში.


ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფუძნებიდან - 2014 წლის 2 აგვისტოდან - დღემდე აღნიშნული პროგრამით 13 ამხანაგობის პროექტი დაფინანსდა. მათმა საერთო ღირებულებამ შეადგინა 66 170 ლარი, მასში მერიის ბიუჯეტის წილი 52 936 ლარია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები