ახალი ამბები
მოხისის დევნილთა დასახლება - ,,გლახა" მიწებზე
ეს დასახლება ქარელში, სოფელ მოხისის სიახლოვეს მდებარეობს. აქ, ძირითადად, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, ზნაურის (ყორნისი) რაიონიდან დევნილები დაასახლეს. ქართველებთან ერთად ეთნიკური ოსები ცხოვრობენ. მათ შორის, ქალბატონი ზაირა, რომელიც ამბობს, რომ ვერაფრით შეეგუა დევნილთა დასახლებას.

,,ამდენი წელია აქ ვცხოვრობ, მაგრამ ვერაფრით შევეგუე" - გვითხრა ქალბატონმა ზაირამ. გაგვიმხილა, რომ ეთნიკური ოსია, რადგან გვკითხა - ვიცოდით, თუ არა ,,სახარაჯინები". ვუპასუხეთ, რომ ჭარხლიანი ხაჭაპურები ძალიან გემრიელია.

,,ეჰ, ზაირა, ბოლოს როდის გამოაცხე სახარაჯინები?" - ჰკითხა მეზობელმა. ,,ჩემ სახლში ვიყო, აუცილებლად გამოვაცხობდი" - უპასუხა ქალბატონმა ზაირამ. გვარი მაინც არ გაგვიმხილა.

ცოტა ხნის შემდეგ, დასახლების ცენტრი ,,ლიბერთი ბანკის" მობილური მანქანა შემოვიდა. პენსიის დარიგების დრო მოვიდა. თითქმის ყველა სახლიდან გამოვიდნენ - ზოგს პენსია უნდა აეღო, ზოგს დევნილებისთვის გათვალისწინებული დახმარება.

,,ჩვენი ოჯახი, ძირითადად, დევნილობის დახმარებას იღებს. თითო სულზე 45 ლარს. ჩემი მეუღლე მუშაობს ასევე ნაკვეთებში. მეც ვმუშაობ ხოლმე. ხან ვის ჭირდება თოხნა, ხან ლობიოს აღება და ა.შ. დღიურად 15 ლარია" - გვითხრა ნინო ჩადუნელმა.

მოხისის დასახლება საკმაოდ მწირ მიწებზეა გაშენებულია. წლების განმავლობაში ამ დასახლებას არხებიდან გადმოსული წყლები აწუხებდა. ყოველ წვიმაზე სახლები იტბორებოდა. ეს პრობლემა მხოლოდ 2-3 წლის მოგვარდა. არხები გაასუფთავეს.

,,თითო ოჯახს 80 მეასედი ფართის მიწის ნაკვეთები დაგვირიგეს, მაგრამ ვერ ვიყენებთ. მწირი მიწებია. სულ ქვიანია და ვერც ვამუშავებთ. ამას გვირჩევნია 20 მეასედი კარგი ნიადაგის მიწები მოგვცენ, იმას მოვუვლით და მოსავალს მოვიყვანთ" - ამბობს ნინო ჩადუნელი.

საბავშვო ბაღში სულ 3 ბავშვი დაჰყავთ. სკვერი არა აქვთ. ბაღთან ახლოს სტიქიური ნაგავსაყრელია. ეს საკითხი ქარელის საკრებულოს სხდომაზე სოფელ მოხისის წარმომადგენელმა თამარ დიასამიძემ დააყენა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები