ახალი ამბები
,,აწარმოე საქართველოს" მეწარმეს მუნიციპალიტეტმა მიწა არ მისცა

 

კასპის გამგეობის ინფორმაციით, ტერიტორიაზე, რომლის ყიდვას კომპანია ,,ტორო" ითხოვს,  ადგილობრივ ხელისუფლებას ავტოსადგომის მოწყობა სურს.

 

ახალი ავტოსადგომის შექმნის იდეა კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობას, ჯერ კიდევ, 2013 წელს გაუჩნდა. მაშინდელმა მუნიციპალიტეტმა ახალი შპს ,,კასპის ავტოსადგური"  ჩამოაყალიბა, თუმცა მას შემდეგ 2 წელი გავიდა და ახალი ავტოსადგომი არ გამართულა. უფრო მეტიც, შპს ,,კასპის ავტოსადგური" 2013 წლის ოქტომბრიდან ლიკვიდაციის პროცესშია. ამის თაობაზე, 2013 წლის 10 ოქტომბერს შპს ,,კასპის ავტოსადგურის" დირექტორად დანიშნულმა აჩიკო გიგოლაშვილმა საჯარო რეესტრს ოფიციალურად მიმართა. კასპის საკრებულომ შპს ,,კასპის ავტოსადგური" 2013 წლის 23 აპრილს ჩამოაყალიბა.

 

1125 კვ.მ მიწის ფართობის მფლობელი კასპის მუნიციპალიტეტია. სწორედ ამ მიწის ფართობზე უნდა გამართულიყო ახალი ავტოსადგური; სწორედ ამ მიწას ითხოვს შპს ,,ტორო".

 

საკრებულოს ბოლო სხდომაზე ეს საკითხები საერთოდ არ განუხილავთ. ყველა პარტიის წარმომადგენელმა ერთხმად დაუჭირა მხარი იმ გადაწყვეტილებას, რომ მიწა შპს ,,ტოროსთვის" არ მიეცათ. მოტივი - ახალ ავტოსადგურისთვის გვინდაო. 

 

ჯერ კიდევ, 2013 წლის აპრილში კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მაშინდელი მოადგილე გოჩა გოგოლაური აცხადებდა, რომ შპს ,,კასპის ავტოსადგურის" ჩამოყალიბების და გამართვის შემდეგ, არ იყო გამორიცხული, რომ შემდგომში ის სოლიდურ ფასად კერძო პირებზე გაესხვისებინა:

 

,,თუკი ახალი ავტოსადგურის ფასი თავიდან 25 000 ლარი იქნება, მომავალში მისი ფასი შესაძლოა 250 000 ლარამდე ავიდეს და მუნიციპალიტეტმა მის გაყიდვაზე იფიქროს"- გვითხრა მაშინ გოგოლაურმა. 2013 წლის აპრილში, მისი ხელმოწერებით, შპს ,,კასპის ავტოსადგური"-ს შექმნის გადაწყვეტილება  საკრებულომ დაამტკიცა. 2013 წლის ოქტომბერში კი კომპანიის ლიკვიდაცია დაიწყო.

 

ჯერ კიდევ 2014 წლის 28 ნოემბერს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინებოდა, რომ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის კომპონენტის ფარგლებში  მაღალტექნოლოგიური და ინტენსიური ტიპის მეფრინველეობის მეხორცული მიმართულების საწარმო იქმნება რისთვისაც შპს „ტოროს“ სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად (ერთ ლარად) გადაეცა კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ წინარეხში მდებარე 10 000 კვ.მ არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა (ფერმა).

 

კომპანია ვალდებულია საწარმო ორი წლის ვადაში შექმნას და ამისთვის 100 580 ლარის ინვესტიცია განახორციელოს. ახალ საწარმოში 20-25 ადამიანი დასაქმდება, პროდუქცია კი ადგილობრივ ბაზარზე  გაიყიდება. აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

 

ფოტოზე: კასპის მუნიციპალიტეტის წევრები

 

იხ. ვიდეო, სადაც კომპანია ,,ტოროს" განცხადებას იხილავენ

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები