ახალი ამბები
ქვემეხების გრუხუნი გორის თავზე გრძელდება

 

მთ. ფოტოზე: საკრებულოს წევრები ხელმოწერებს აგროვებენ (03.04.2015)

 

საკრებულოს წევრები საკრებულოს თავმჯდომარეს ზემდგომ ინსტანციებში საკითხის დაყენებას სთხოვენ. წერილის შემდეგ  საკრებულოს თავმჯდომარე გორის მერს, ხოლო გორის მერი - საქართველოს მთავრობას (მათ შორის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს) ჩააყენებს საქმის კურსში. გორის საკრებულოს წევრებს მოსახლეობის მიერ შეგროვებული ხელმოწერებიც უმაგრებს ზურგს.

 

პრობლემას დღეს ,,გორის დარბაზის" ერთ-ერთი დამფუძნებელი თამაზ მაყაშვილიც გამოეხმაურა. ქალაქის თვითმმართველობას და მის წევრებს მოუწოდა, რომ პრობლემის გადასაჭრელად გუბერნატორიც შეაწუხონ.

 

,,გარდა იმისა, რომ მოსახლეობა წუხდება, წვრთნების გამო, ზიანდება უფლისციხის მუზეუმნაკრძალი. მეორე სართულის მკვიდრნო, (იგულისხმება ქალაქ გორის მერია და საკრებულო რედ) გაუბედეთ და "ასძახეთ" მესამე სართულს (გუბერნია) ხალხის აზრი ამ საკითხზე, ნუ გეშინიათ, ეს თქვენი და მათი მოვალეობაა!" - მიმართავს თამაზ მაყაშვილი.

 

ის, რომ გორის მოსახლეობას სამხედრო ბაზაზე წვრთნები დიდი ხანია აწუხებს, ამის შესახებ 2012 წლის აგვისტოს ,,ახალი მემარჯვენეების" გორის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ვერხვების დასახლებაში ბრიფინგი გამართა. ორგანიზაციის თავმჯდომარე სოსო ბორცვაძე ხელისუფლებას ხალხის აზრის ინტერესების გათვალისწინებას სთხოვდა: იხ. ვიდეო ქვემოთ.

 

 

ჯერ კიდევ 2014 წლის 29 დეკემბერს, ქალაქის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა შიდა ქართლის გუბერნატორთან გამართულ შეხვედრაზე პოლიგონის თემა წამოწია. 

 

,,ბატონო ზურა, პოლიგონის თემა მინდა შეგახსენოთ, რატომღაც ჩაჩუმდა ეს ამბავი" - უთხრა მერმა გუბერნატორს.

 

,,ალტერნატივა არ მოეწონათ და სხვა მიწა კი ვერ მოძებნეთ" - უპასუხა გუბერნატორმა მერს.

 

,,დაიწუნეს ეგ ტერიტორია? ეგეც არ ვიცოდით" - განაცხადა ზურაბ ჯირკველიშვილმა.

 

,,მე, როგორც ვიცი, მოიწონეს ერთი ადგილი ზედაველაზე" - საუბარში რაიონის გამგებელი დავით ონიაშვილი ჩაერია.

 

თუმცა, დავით ონიაშვილს დაუზუსტეს, რომ ის ადგილი, რომელზეც რაიონის გამგებელი საუბრობს, თავდაცვის სამინისტრომ საწვრთნელად დაიწუნა.

 

,,ეგ ადგილი დაიწუნეს, მაგის იქით უკვე კასპის რაიონია და იქ ვერ გადავდივართ. ბატონი გოჩა არ გვითმობს ადგილს" - ეს ბოლო ფრაზა კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის გოჩა გოჩიტაშვილის გასაგონად თქვეს.

 

,,ბატონო გოჩა, არ გინდათ სამხედროებმა თქვენი რაიონი დაიცვას?" - უთხრა ხუმრობით გორის მერმა კასპის გამგებელს.

 


,,არა, პატივცემულო, არ გვჭირდება, ჩვენ თავს ჩვენ თვითონ დავიცავთ" - უპასუხა გოჩა გოჩიტაშვილმა. იხ. ვიდეო ქვემოთ.

 

ამჟამად, საკრებულოს წევრი ,,თავისუფალი დემოკრატებიდან" თამარ თედლიაშვილი ამბობს, რომ თავდაცვის სამინისტროდან  იყო პირობა, რომ წვრთნების დროს მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებისგან თავს შეიკავებდნენ, თუმცა ეს პირობა არ სრულდება.

 

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები