ახალი ამბები
ერთად სკოლის მერხიდან - ანა ხაჭაპურიძე და გურამ ყოჩიშვილი ქურთადან
,,გვეუბნებიან, რომ თქვენი სოფელი მიწასთან გასწორებულიაო. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ვიცნობთ იმ ადგილს, სადაც ჩვენი სახლი იდგა. ეკლესიასთან რომ დავდგე, იქიდან ორიენტაციით მივხვდები, სად იდგა ჩვენი სახლი" - ამბობს ანა ხაჭაპურიძე.

ის მეუღლესთან, გურამ ყოჩიშვილთან ერთად, კარალეთის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. ამბობს, რომ წელს ერთად ყოფნის 40 წელი შეუსრულდათ.

,,ჩვენ დავიბადეთ და გავიზარდეთ ქურთაში. კლასელები ვართ. მერე მე ტექნიკუმში წავედი, ესეც ტექნიკუმში წავიდა. ურთიერთობა აღარ გვქონდა. როცა დავამთავრეთ, ჩამოვედით. მე მუშაობა დავიწყე კეხვის ბიბლიოთეკაში. თან დაუსწრებლად ჩავაბარე პუშკინის სახელობის უნივერსიტეტში. ამანაც როცა დაამთავრა, ჩამოვიდა სოფელში და გაგვიახლდა ურთიერთობა და სიყვარულამდე მივიდა.“ - იხსენებს ანა ხაჭაპურიძე.

,,1979 წელს დავქორწინდით. მერე შვილი გვეყოლა. სამი გოგო გვყავს. 40 წელი გაგვიხდა 16 ივლისს, რაც ცოლ-ქმარი ვართ. ამ სამი გოგოსგან კი, ცხრა შვილიშვილი გვყავს.“ - ამბობს ქალბატონი ანა.

იხსენებს, რომ დიდი ლიახვის ხეობაში ნორმალურად ცხოვრობდნენ.

,,არაფერი არ გვიჭირდა. ყველაფერი გვქონდა. ჩვენი სახლი 12 ოთახი იყო სარდაფებიანად. დიდი აივნით. ყველაფრით უზრუნველყოფილები ვიყავით. ისეთი ცხოვრება გვქონდა, რომ არ უნდა გაგვჭირვებოდა სიბერე.“ - ამბობს ანა ხაჭაპურიძე.
ქალბატონი ანა 39 წელი სოფელ ქურთის სარაიონო ბიბლიოთეკაში მუშაობდა.

,,ბოლო წელს მერე რაღაცით არ მოვეწონეთ. პოლიტიკური ამბავი იყო. რეორგანიზაცია მოხდა და გამოგვიშვეს 12 თანამშრომელი და სხვებით ჩაგვანაცვლეს.“ - იხსენებს ანა ხაჭაპურიძე.

გურამ ყოჩიშვილი 1989 წლამდე როკის გვირაბის მშენებლობაზე მუშაობდა. ქართულ-ოსური კონფლიქტის დაწყებისას ჯავის რაიონიდან გამოსწრო.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები