ახალი ამბები
პატრული VS ჟურნალისტი - ყოფილი პროკურორის და ამჟამინდელი მოსამართლის გადაწყვეტილება

 

 

შორენა წიქარიძემ მედიასაშუალებას გავრცელებული ცნობების უარყოფა დაავალა. თუმცა, ეს მხოლოდ პირველი ინსტანციაა. ,,პატრულ ინსპექტორი" ჯაბა ხუციშვილი კი, ამჟამად, სამსახურიდან გაათავისუფლეს. პატაკი დაწერა და დაცვის პოლიციაში გადაიყვანეს. ეს იმ დროს, როდესაც გორის სასამართლოში ჯაბა ხუციშვილის უშუალო ხელმძღვანელებსა და QARTLI.gE-ს ჟურნალისტს შორის ცხარე დებატები, ჯერ კიდევ, მიმდინარეობდა. ჟურნალისტმა სასამართლო პროცესზე აწ უკვე ყოფილი პატრულის თანამშრომლის უშუალო ხელმძღვანელებიც დაკითხა. პატრულის წარმომადგენლების დაკითხვის დროს მოსამართლე შორენა წიქარიძემ ჟურნალისტის დაპატიმრება გადაწყვიტა.

 

,,პატივი ეცით პოლიციასაც და სასამართლოსაც. არ მინდა გამოვიყენო თქვენს მიმართ უკიდურესი ზომა - ადმინისტრაციული პატიმრობა" - უთხრა მოსამართლე შორენა წიქარიძემ ჟურნალისტს.

 

,,თქვენ არ იმყოფებით თქვენს კვადრატში, თქვენ იმყოფებით სასამართლო პროცესზე, ვალდებული ხართ კითხვებს უპასუხოთ" - უთხრა ჟურნალისტმა პატრულის წარმომადგენლებს, რომლებიც ჟურნალისტის კითხვებს (არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პატრულის თანამშრომლის შესახებ გენინსპექციაში შესული შეტყობინებისა და შემდგომ ჩატარებული თუ არჩატარებული შემოწმების დეტალების შესახებ) აგრესიულად პასუხობდნენ.

 

გორის რაიონულ სასამართლოში გამართული პროცესების შედეგად გაირკვა, რომ მოქალაქის მიერ გენინსპექციაში მიმართვას, სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პატრულის თანამშრომლის შემოწმების მოთხოვნის თაობაზე, აზრი არა აქვს.  ეს ყველაფერი მოხდა იმ ფონზე, როდესაც პატრულ-ინსპექტორმა და მისმა უშუალო ხელმძღვანელებმა  გენინსპექციის დასკვნა და ლაბორატიული შემოწმების მასალები ვერ წარმოადგინეს.

 

,,მე დავრწმუნდი, რომ პატრულ-ინპექტორი ფხიზელ მდგომარეობაში იყო" - განაცხადა შორენა წიქარიძემ 15 აპრილს სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების დროს.

 

გლდანი-ნაძალადევის პროკურატურის ყოფილი პროკურორი და ამჟამად მოსამართლე შორენა წიქარიძე, რომლის მეუღლე ძველი თბილისის შს სამმართველოს გამომძიებელია, ამ გადაწყვეტილებამდე ყოველგვარი ექსპერტიზის დასკვნის გარეშე მივიდა. Qartli.gE-ს ჟურნალისტმა კი სასამართლო პროცესზე გენინსპექციის მასალები მოითხოვა, ასევე მოითხოვა გენინპექციის წარმომადგენლების დაკითხვა. მომჩივანმა პატრულ-ინპსექტორმა გენინსპექციის დასკვნა ვერ წარმოადგინა, რადგან მაკონტროლებელ უწყებას ასეთი შემოწმება არ ჩაუტარებია. ეს გარემოება სასამართლო პროცესზე Qartli.gE-ს ჟურნალისტის მოთხოვნით დაბარებულმა, საპატრულო პოლიციის გორის განყოფილების უფროსმა გიორგი ხაჩიძემ და ოცმეთაურმა ალექსანდრე ჩიტიშვილმაც დაადასტურეს.

 

1 პროცესი

 

 

 

პირველ პროცესზე მომჩივანმა პატრულ-ინპსექტორმა განაცხადა, რომ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ვებ-გვერდზე გავრცელებული მასალით შეილახა მისი საქმიანი რეპუტაცია, რადგან ჟურნალისტმა გაავრცელა  ცილისწამება. 

 

,,მე ვიყავი სრულიად ფხიზელ მდგომარეობაში, ამას ადასტურებს ალკოტესტის ქვითარი, რომელიც წარმოვადგინე. ჟურნალისტმა დამწამა ცილი, არ დაელოდა გენერალური ინსპექციის შემოწმების შედეგებს და ისე გამოაქვეყნა ვიდეო. მოვითხოვ გავრცელებული მასალის უარყოფას" - განაცხადა პატრულის თანამშრომელმა.

 

Qartli.gE-ს წარმომადგენელმა სასამართლო პროცესზე განმარტა, რომ ცილისწამებას იმ შემთხვევაში აქვს ადგილი, თუკი უტყუარად დადასტურდა, რომ  ის ნამდვილად ფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ამას პირველ რიგში ლაბორატორიული ექსპერტიზა ჭირდება. 

 

,,წარმოდგენილი ალკოტესტის ქვითარი არ არის ამა თუ იმ პირის ფხიზელ მდგომარეობაში ყოფნის უტყუარობის დამადასტურებელი მტკიცებულება, რადგან არის შემთხვევები, როდესაც ალკოტესტი ტყუის, ხოლო იმ შემთხვევაში თუ გენერალურ ინსპექციას აქვს რაიმე მასალა, რაც ალკოტესტის გარეშე, პატრულ-ინპსექტორის შემოწმებას და მის სიფხიზლეს დაადასტურებს, ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვისაუბროთ, რამდენად ჰქონდა ადგილი ჟურნალისტის მიერ მომზადებულ მასალაში ცილისწამებას ადგილი" - განაცხადა პროცესზე ჟურნალისტმა.

 

ჟურნალისტმა პროცესზე ისიც განაცხადა, რომ მასალას სათაურად სწორედ გენერალური ინსპექციიდან მიღებული ინფორმაცია ახლავს.

 

,,სტატია და ვიდეო მანამდე არ გამოქვეყნდა, ვიდრე გენერალური ინსპექციიდან სატელეფონო შეტყობინებით არ მივიღეთ ცნობა იმის შესახებ, რომ მას ჩაუტარდა შემოწმება. როგორც კი გენერალური ინსპექციიდან გვითხრეს, რომ პატრული შემოწმდა და სიმთვრალე არ დაუდგინა, მანამდე მასალა არ გამოვაქვეყნეთ. სტატიას სწორედ ასე სათაურდება, გენინსპექციის აზრით ეს კაცი ფხიზელია." საზოგადოებას კი ვუჩვენეთ ვიდეო იმისთვის, რომ თვითონ განსაჯონ ფხიზელია თუ არაფხიზელი" - განუმარტა მოსამართლეს ჟურნალისტმა საბა წიწიკაშვილმა.

 

საქმე იმაშია, რომ მომჩივან ჯაბა ხუციშვილის სარჩელი ემყარება მხოლოდდამხოლოდ ერთ ქაღალდს - ალკოტესტის ქვითარს, რომელიც ჩატარდა გენინსპექციაში დარეკვიდან 2 საათის შემდეგ. გენინსპექციაში ზარი განხორციელდა 13:30 წუთზე, ხოლო ჯაბა ხუციშვილი ალკოტესტზე შემოწმდა 15:37 წთ-ზე.
 

 

ჟურნალისტის მოთხოვნით, მომდევნო პროცესებზე ის პიროვნებები დაიბარეს, რომლებაც პატრულ-ინსპექტორი ალკოტესტზე შეამოწმეს. ეს პიროვნებებია: ოცმეთაური ალექსანდრე ჩიტაშვილი, რომლის სახელი და გვარი ალკოტესტის ქვითარზეა აღნიშნული, გენსინპექციაში დარეკვისას კი ჯაბა ხუციშვილის მეწყვილე იყო, ხოლო მეორე პიროვნება - გორის საპატრულო პოლიციის განყოფილების უფროსი გიორგი ხაჩიძე, რომელიც ასევე გენინსპექციაში ზარის განხორციელების დროს, შემთხვევის ადგილზე მივიდა და ჟურნალისტს ,,ქალაქის უფროსად" გაეცნო.

 

2 პროცესი

 

მეორე პროცესზე გაირკვა, რომ ალექსანდრე ჩიტაშვილი აღმოჩნდა არა თუ გენერალური ინსპექციის წარმომადგენელი, არამედ პატრულ-ინსპექტორ ჯაბა ხუციშვილის მეწყვილე და ოცმეთაური, ანუ დაინტერესებული პირი.

 

ჟურნალისტი: - ბატონო ალექსანდრე, მოუყევით სასამართლოს, თუ რა ღონისძიებები გაატარეთ პატრულ-ინსპექტორის შემოწმების კუთხით

ოცმეთაური - დამირეკა უშუალო ხელმძღვანელმა, რომ გამოვცხადებულიყავი სამსახურში და ალკოტესტზე შემემოწმებინა ჯაბა ხუციშვილი. შევამოწმეთ და დაუდგინდა სიფხიზლე

ჟურნალისტი - ვინ იყო ის უშუალო ხელმძღვანელი?

ოცმეთაური - ქალაქის განყოფილების უფროსი

ჟურნალისტი - სახელი და გვარი?

ოცმეთაური - გიორგი ხაჩიძე

ჟურნალისტი - ვინმეს ხომ არ დაურეკავს გენერალურ ინსპექციიდან თქვენთვის?

ოცმეთაური - არა, მე უშუალო ხელმძღვანელმა გიორგი ხაჩიძემ დამირეკა

ჟურნალისტი - როდესაც ვიდეოგადაღება დავამთავრე და დამშორდით სტალინის ქუჩაზე, ამის შემდეგ სად წახვედით?

ოცმთაური - გავაგრძელეთ მუშაობა ჩვეულებრივ.

ჟურნალისტი - ალკოტესტის ქვითარზე, რომლის მიხედვით აღნიშნულია, რომ ჯაბა ხუციშვილი შემოწმდა სიმთვრალეზე, ჩემგან წასვლის შემდეგ რამდენ ხანში შეამოწმეთ?

ოცმეთაურ - არ მახსოვს

ჟურნალისტი - და რატომ შეამოწმეთ პატრულ-ინსპექტორი სიმთვრალეზე?

ოცმეთაური - იმიტომ, რომ უშუალო ხელმძღვანელმა დამირეკა და მივედით განყოფილებაში

ჟურნალისტი - უშუალო ხელმძღვანელის დარეკვიდან რამდენ ხანში მიხვედით განყოფილებაში?

ოცმეთაური - მალევე, სადღაც 4-7 წუთში

ჟურნალისტი - ე.ი. თუკი ქვითარზე აღნიშნულია 15:37 წუთი, გამოდის რომ უშუალო ხელმძღვანელმა 4-ის ნახევარზე დაგირეკათ. ვინ ესწრებოდა ალკოტესტზე შემოწმების ფაქტს?

ოცმეთაური - მე და ქალაქის განყოფილების უფროსმა შევამოწმეთ, მეტი არავინ იყო

ჟურნალისტი - იმ შემთხვევაში, თუკი დადგინდებოდა, რომ პატრულ-ინპექტორი ჯაბა ხუციშვილი ალკოტესტით აღმოჩნდებოდა ნასვამ მდგომარეობაში, პასუხისმგებლობა თქვენ როგორც ოცმეთაურს, დაგეკისრებოდათ თუ არა?

ოცმეთაური - დილით როდესაც იწყებენ სამუშაოს, ისინი მოწმდებიან და შევამოწმეთ

ჟურნალისტი - მე კონკრეტულად გეკითხებით, დაგეკისრებოდათ თუ არა პასუხისმგებლობა?

ოცმეთაური - არ გაგცემთ პასუხს

ჟურნალისტი - თქვენი მუშაობის პერიოდში მონაწილეობა მიგიღიათ თუ არა მსგავს პროცედურებში?

ოცმეთაური - ვერ გავიგე რას მეკითხებით?

ჟურნალისტი - გენინსპექციის ფარგლებში ჩაგიტარებიათ თუ არა პოლიციელის გადაცდომის ფაქტზე შემოწმება? როგორც ვიცი, 2004 წლიდან მუშაობთ პოლიციაში, გენინსპექციაში არ გიმუშავიათ და ერთი პერიოდი სამხედრო პოლიციაშიც იყავით?

ოცმეთაური - როცა თბილისში საპატრულო პოლიციაში ვმუშაობდი, კი, იყო ასეთი ფაქტები

ჟურნალისტი - მაშინაც თქვენ გავალებდათ გენერალური ინსპექცია რომელიმე პოლიციელის შემოწმებას?

ოცმეთაური - ზუსტად არ მახსოვს

ჟურნალისტი - ამ ბოლო 12 წლის მანძილზე როგორ მუშაობდა და მუშაობს პოლიცია?

ოცმეთაური - ვერ გავიგე, რა გაინტერესებთ?

ჟურნალისტი - აქვს თუ არა პოლიციელების მხრიდან გადაცდომის ფაქტებს ადგილი?

ოცმეთაური - ჩვენთან ჩვენს რეგიონში არა

ჟურნალისტი - ესე იგი, თქვენ ამბობთ, რომ პატრული 2012 წლამდეც ,,ნაციონალების" პერიოდშიც და იმის შემდეგაც, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში უშეცდომოთ მუშაობს?

ოცმეთაური - ჩვენს რეგიონში კი

ჟურნალისტი -  თქვენს საპატრულო პოლიციაში არის თუ არა შემთხვევები იმის შესახებ, რომ ალკოტესტის მონაცემები მცდარი აღმოჩენელიყოს?

ოცმეთაური - რას გულისხმობთ?

ჟურნალისტი - მაგალითად, ალკოტესტმა აჩვენა სიმთვრალე, მაგრამ მისი გასაჩივრების შემდეგ საპირისპირო შედეგი დამდგარა...მე მაქვს ეს მასალები

ოცმეთაური - მე ასეთი ფაქტები არ ვიცი

ჟურნალისტი - არის თუ არა ალკოტესტის შედეგები უტყუარი, ეს დამიმტკიცეთ

ოცმეთაური - კი, თუ ვინმეს რამე პრეტენზია აქვს, შეუძლია გააპროტესტოს

ჟურნალისტი - რამდენ ხანში?

ოცმეთაური - ორ საათში

ჟურნალისტი - და ეს თქვენი თანამშრომელი რომ ორი საათის შემდეგ შეამოწმეთ, ეს რას ნიშნავს?

ოცმეთაური - მე როცა დამირეკა უშუალო ხელმძღვანელმა მაშინ შევამოწმე.

ჟურნალისტი - ალკოტესტის შემოწმებიდან 2 საათის შემდეგ განიცდის თუ არა ორგანიზმი ცვლილებას? ანუ თქვენი განმარტებიდან იკვეთება, რომ ორი საათის შემდეგ სიმთვრალე გამოდის და ალკოტესტის შედეგების გასაჩივრებას აზრი არა აქვს მოქალაქის მხრიდან

ოცმეთაური - ჩვენი ალკოტესტები უტყუარია, უკრაინიდანაა ჩამოტანილი.

ჟურნალისტი - შეამოწმეთ თუ არა ალკოტესტის ვარგისიანობა, ვიდრე თქვენს მეწყვილეს ჩააბერინებდით?

ოცმეთაური - არ ჭირდება შემოწმება, ის გამართულ მდგომარეობაშია.

ჟურნალისტი - აქვს თუ არა იმის უფლება მოქალაქეს, რომ ჩაბერვამდე ჯერ პატრულს შეამოწმებინოს მისი ვარგისიანობა?

ოცმეთაური - კი

ჟურნალისტი - ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ის უტყუარი არაა და შეიძლება ცდებოდეს. თუ თქვენ შეამოწმეთ პატრულის თანამშრომელი, ბარემ ადგილზევე შეგემოწმებინათ?

ოცმეთაური - ჩვენ არა ვართ ვალდებული, რომ მოქალაქეების ასეთი მოთხოვნა შევასრულო

ჟურნალისტი - აბა, რისთვის შეამოწმეთ ბატონი ხუციშვილი?

ოცმეთაური - გითხარით, უშუალო ხელმძღვანელმა დამირეკა-მეთქი

 ჟურნალისტი - ჩასაბერი მოწყობილობა თქვენი მანქანიდან ამოიღეთ თუ გენინსპექციამ გამოგიგზავნათ.

ოცმეთაური - არა, ჩემი მანქანის არ იყო, რომელიღაც ეკიპაჟიდან ამოვიღეთ.

ჟურნალისტი - ესწრებოდა თუ არა გენინსპექციის წარმომადგენელი ბატონი ხუციშვილის შემოწმებას?

ოცმეთაური - არა

ჟურნალისტი - აბა ვინ?

ოცმეთაური - უშუალო ხელმძღვანელი

ჟურნალისტი - სახელი და გვარი?

ოცმეთაური - გიორგი ხაჩიძე

ჟურნალისტი - თანამდებობა?

ოცმეთაური - საპატრულო პოლიციის შიდა ქართლის განყოფილების სამი ოცეულის მეთაური

ჟურნალისტი - გმადლობთ, საინტერესო პასუხებისთვის. მადლობა რომ ჩემი მანქანა გააჩერეთ, თორემ ამ სისტემას, რაც ხდება პატრულში და გენინსპექციაში ვერ გავიგებდით. ბატონო მოსამართლევ, ვითხოვ დაიკითხოს ამათი უშუალო ხელმძღვანელი გიორგი ხაჩიძე

მოსამართლე - რა გარემოებების გამო?

ჟურნალისტი - იქნებ მან გვითხრას, თუ ვინ დაავალა პატრულ-ინსპექტორ ჯაბა ხუციშვილის შემოწმება. თანაც ოცმეთაური ამბობს, რომ მხოლოდ მან დაურეკა და ალკოტესტზე ჩაბერვის პროცესს ესწრებოდა.

 

 

მესამე პროცესისთვის გიორგი ხაჩიძე დაიბარეს. მისი დაკითხვის დეტალებს შემდეგში შემოგთავაზებთ.

 

ვინ არის მოსამართლე შორენა წიქარიძე?

 

გორის სასამართლოს მოსამართლე შორენა წიქარიძე გლდანი-ნაძალადევის რაიონის ყოფილი პროკურორია. მისი მეუღლე კი შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი თბილისის სამმართველოს გამომძიებელი. მოსამართლე შორენა წიქარიძემ ჟურნალისტს თავდაპირველად ჰკითხა მოსამართლის აცილების თაობაზე, თუმცა ჟურნალისტმა მისი აცილებისგან თავი შეიკავა იმ ინტერესის გამო, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდა ასეთი ინტერესთა კონფლიქტის მქონე მოსამართლე პოლიციის თანამშრომლის მიმართ.

 

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მოსამართლე შორენა წიქარიძეს თავის ფეისბუქის გვერდზე გაზიარებული აქვს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი ლოზუნგი ,,მეტი სარგებელი ხალხს" და მისი კანდიდატის, ყოფილი მთავარი პროკურორის დავით საყვარელიძის ბანერი. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი განმარტებებს უზენაესი და გორის სასამართლოდან, ასევე იუსტიციის საბჭოდან, თუნდაც მოსამართლის სახელით, ელოდება.

 

 

მოსამართლე შორენა წიქარიძე და მისი მეუღლე, ძველი თბილისის შს სამმართველოს გამომძიებელი იოსებ დიღმელიშვილი

 

შორენა წიქარიძის ფეისბუქის ოფიციალური გგვერდი - ,,მეტი სარგებელი ხალხს" - 2012 წლის 20 აგვისტო

შორენა წიქარიძის ოფიციალური გვერდი

 

 ევროსასამართლოს გამოცდილება

 

 

ევროსასამართლო საქმეში ,,Handyside V United Kingdom" (1976) 48-48 პუნქტში, უთითებს, რომ გამოხატვის უფლების დაცულობა ვრცელდება ისეთ მოსაზრებებზეც, რომლებსაც ვინმე არაპოპულარულად ან შეურაცხყმყოფელად მიიღებს. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ინფორმაციათა და მოსაზრებათა გაცვლა დემოკრატიულ საზოგადოებაში წარმოადგენს პრესის თავისუფლების  დაცვის საუკეთესო მიღწევას.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, “ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად.”

 

ამავე მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრულია სახელმწიფოს მხრიდან ამ უფლებებში ჩარევის პირობები. ერთ-ერთ პირობად ,,სხვა პირთა უფლებების და რეპუტაციის" შელახვაა.  მოსარჩელე ამ შემთხვევაში არ წარმოადგენს კერძო პირს, არამედ ის საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ფიგურაა, მით უმეტეს თავისი წოდებით. კონკრეტული დავის თავისებურებების გათვალისწინებით, განხილულ უნდა იქნეს დასაშვები კრიტიკის ფარგლებიც. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული პრესის თავისუფლების ინსტიტუტი, რადგან აღნიშნულ შემთხვევაში სწორად რომ პრესის მეშვეობით გავრცელდა სადავო გამონათქვამები.

  

პრესის თავისუფლების მნიშვნელობა განიხილა სასამართლომ საქმეში ,,SundayTimes V United Kingdom" - ,,პრესის როლს შეადგენს მისი, როგორც საზოგადოებრივი ინტერესების სადარაჯოზე მდგომის მოქმედება. მასზე დაკისრებულ ვალდებულებას წარმოადგენს ინფორმაციისა და შეხედულებების გავრცელება პოლიტიკურ საკითხებზე, ისევე როგორც საჯარო ინტერესების სხვა სფეროზე. არა მხოლოდ, პრესის ამოცანას წარმოადგენს ასეთი ინფორმაციისა და მოსაზრებების გავრცელება, არამედ საზოგადოებასაც გააჩნია მათი მიღების უფლება".

 

საქმეში ,,Thorgeirson V Iceland" (1992) ჟურნალისტმა დაწერა სტატიები, რომლითაც აკრიტიკებდა პოლიციას მათ მიმართ განხორციელებული სასტიკი ქმედებებისთვის. სასამართლომ აღნიშნა, რომ სტატიები ეფუძნებოდა სერიოზულ საზოგადოებრივ ინტერესებს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი გამოხატული იყო განსაკუთრებულად ხმამაღლა და სასტიკ გამონათქვამებში. ჟურნალისტი თავის გამონათქვამებში პოლიციის მუშაკებს არაერთხელ მოიხსენიებდა, როგორც ,,ფორმაგადაცმულ ცხოველებს", მათთვის დამახასიათებელი მიზნისა და თავისებურებების გათვალისწინებით. სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოყენებული მეტყველების მანერა არ უნდა ჩათვლილიყო გადაჭარბებულად. ხოლო ამის გამო ჟურნალისტის შეზღუდვა, საზოგადოებრივ საკითხებთან დაკავშირებულ ღია განხილვებზე, საზოგადოების გულის აცრუებას გამოიწვევდა.

 

“სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, “პირს ეკისრება სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა კერძო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა”.

 

ამ შემთხვევაში,  მოსარჩელე პატრულ-ინსპექტორი ჯაბა ხუციშვილი არსებითად მცდარი ფაქტის არსებობას ვერ ამტკიცებს, რადგან გენინსპექციის მასალები ვერ წარმოადგინა, ხოლო პატრულ ინსპექტორი არ წარმოადგენს კერძო პირს. შესაბამისად, ჟურნალისტის მიმართ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრება, როგორც კერძო პირის ცილისწამებისთვის, დაუშვებელია.

 

საქმე სააპეცლაციო სასამართლოში გაგრძელდება.

 

რედაქციისგან: სტატიის თავდაპირველი სათაური ,,პატრულიVSჟურნალისტი - ყოფილი პროკურორი, ამჟამინდელი ქალი შორენა" შეიცვალა სექსისტური (მოსამართლე ქალი) გამონათქვამის ნიშნების გამო.

Print

სტატიის გამოყენების პირობები