ახალი ამბები
გენინსპექცია - ,,ზარი შემოსულია"

 

ჟურნალისტური მოკვლევის ჩასატარებლად Qartli.gE-მ სასამართლოზე პატრულ-ინსპექტორის ჯაბა ხუციშვილის ხელმძღვანელები, ოცმეთაური ალექსანდრე ჩიტაშვილი და სამი ოცეულის მეთაური გიორგი ხაჩიძე დაიბარა. მ გაირკვა, რომ გენერალურ ინსპექციაში ზარის შესვლის შემდეგ მოკვლევა აღნიშნულ უწყებას არ ჩაუტარებია.

 

ქრონოლოგია ასეთია: 2015 წლის 14 იანვარს (ძველით ახალ წელს) მოქალაქემ პატრულ-ინსპექტორს ჯაბა ხუციშვილს სთხოვა, რომ მას საკუთარ თავზე ჩაეტარებინა ალკოტესტი, რადგან ის არაფხიზელ მდგომარეობაში ჩანდა. ამ დროს ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრს ოცმეთაური ალექსანდრე ჩიტაშვილი წარმოადგენდა. ჩიტაშვილმა მოქალაქეს უთხრა, რომ პრეტენზიების შესახებ გენინსპექციაში დაერეკა. მოქალაქემ გენინსპექციაში 13:32 წთ-ზე დარეკა. შემთხვევის ადგილზე სამი ოცეულის მეთაური გიორგი ხაჩიძე მივიდა, რომელმაც პატრულ ინსპექტორს მანქანაში ჩაჯდომა და მუშაობის გაგრძელება უბრძანა.

 

მეორე დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა ნინო გიორგობიანმა გაავრცელა  ალკოტესტის ქვითარი, სადაც აღნიშნულია, თითქოს, ჯაბა ხუციშვილს ნასვამობა არ დაუდგინდა. ქვითრის მიხედვით შემმოწმებელი ალექსანდრე ჩიტაშვილია. ნინო გიორგობიანის განცხადებით კი, ალკოტესტი გენერალურმა ინპექციამ ჩაატარა. ქვითარი კი 2 საათის შემდეგ, 15:37 წთ-ზეა შედგენილი.

 

სასამართლო პროცესზე დაკითხულმა ალექსანდრე ჩიტაშვილმა განაცხადა, რომ პატრულ-ინსპექტორს ჯაბა ხუციშვილს ალკოტესტზე შემოწმება სამი ოცეულის მეთაურმა გიორგი ხაჩიძემ დაავალა. გიორგი ხაჩიძემ კი აღნიშნა, რომ მისი თანამშრომელი ალკოტესტზე საკუთარი ინიციატივით შეამოწმა და ეს არავის დაუვალებია.

 

,,ჩვენ წინასწარ ვამზადებთ დოკუმენტებს, რომ ჩვენი თანამშრომლობის ბრალეულობა არ დამტკიცდეს" - განაცხადა გიორგი ხაჩიძემ. ალექსანდრე ჩიტაშვილმა კი, რომელსაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მეწყვილესთან ერთად, მაღაზიაში ვნახეთ, კითხვაზე, მუშაობდა თუ არა გენინსპექციაში, გვიპასუხა, რომ მაღაზია დაგვეტოვებინა: - ,,შენი შიშით პური აღარა ვჭამოთ?"-ო.

 

2015 წლის 23 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულება გასაჯაროვდა, რომელსაც ხელს მინისტრი ვახტანგ გომელაური აწერს. სწორედ, მისი ინიციატივით გახდა დოკუმენტი საზოგადოებისთვის ცნობილი.

 

ამ დებულების მიხედვით, სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ფაქტებზე შემოსულ საჩივრებსა და განცხადებებს,  სამსახურებრივ შემოწმებას -  დისციპლინური დევნის, ინსპექტირების და ფინანსური დარღვევების შემოწმების მთავარი სამმართველო - ახორციელებს.

 

გარდა ამისა,  გენერალური ინსპექციის მოსამსახურე არ მონაწილეობს სამსახურებრივი შემოწმების პროცესში, თუ არსებობს გარემოება, რომელიც იძლევა ვარაუდის საფუძველს სამინისტროს კონკრეტული მოსამსახურის შემოწმების შედეგებისადმი დაინტერესების თაობაზე (ინტერესთა კონფლიქტი). სამსახურებრივი შემოწმების პროცესიდან გენერალური ინსპექციის კონკრეტული მოსამსახურის ჩამოცილების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს გენერალური ინსპექციის უფროსი. სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე მზადდება შესაბამისი ცნობა ან დასკვნა, რომელსაც ამტკიცებს გენერალური ინსპექციის უფროსი. 

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ გენერალური ინსპექცია სამინისტროს ,,სინდისია". 

 

 
Print

სტატიის გამოყენების პირობები