ახალი ამბები
მუშტი-კრივში მოყვარე და მეუღლე ამოცნობილია

 

 

ნუგზარ ბადაშვილი 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე კენჭს სოფელ დიცში ,,ქართული ოცნების" სახელით იყრიდა და დამარცხდა. მისი მეუღლე ამჟამად გორის საკრებულოს აპარატის სპეციალისტია. რატი საბანაძე ამავე არჩევნებში, წინასაარჩევნო კამპანიისას, ,,ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი იყო და წინასაარჩევნო შეხვედრების ორგანიზებაში იღებდა მონაწილეობას. რაც შეეხება გიორგი გოგიჩაიშვილს, ის ,,ქართული ოცნების" შტაბის ყოფილი უფროსის სოსო ფალელაშვილის მოყვარეა. 

 

აღნიშნული პიროვნებები დღეს სტალინის სახლმუზეუმის ეზოში გამართულ აქციაზე მივიდნენ. ,,ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერ ,,თავისუფალი ზონის" წარმომადგენლებთან მივიდნენ და ანტისაოკუპაციო ბანერების აღება სცადეს. რკინის კონსტრუქციების აღებისას ცემა-ტყეპა გაიმართა. ონისე გერგედავამ სხეულის დაზიანებები მიიღო, დაშავდა რატი საბანაძეც.

 

სოსო ფალელაშვილი, რომელიც დღეს ქალაქ გორის საკრებულოში ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარეა, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობას იხსნის. მისი თქმით, მართალია, გიორგი გოგიჩაიშვილი მისი მოყვარეა, მაგრამ სტალინის ბაღში გამართულ ჩხუბთან სიძე-მოყვარეობა არავითარ კავშირშია. ,,მას, როგორც მოქალაქეს, თავისი შეხედულებები აქვს, ზრდასრული ადამიანია და იქცევა ისე, როგორც მას სურს" - აცხადებს სოსო ფალელაშვილი.

 

ნუგზარ ბადაშვილის მეუღლე, საკრებულოს აპარატის სპეციალისტი ხატია ჯალაბაძე კომენტარს არ აკეთებს. ქალაქ გორის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ზურაბიშვილი ამბობს, რომ თუკი კონკრეტულმა მოქალაქეებმა ყოფილი თავდაცვის მინისტრის და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ბაჩო ახალაიას წიგნების და მაისურების დანახვაზე პროტესტი გამოხატეს, ამის უფლება ჰქონდათ.

 

,,ასეთი ქმედებები მიუღებელია, მაგრამ აქ რა შუაშია ,,ქართული ოცნება?" - კითხულობს ნინო ზურაბიშვილი.

 

სოსო ფალელაშვილი ამბობს, რომ სამივე პიროვნება სპორტსმენია. მისი თქმით, სპორტსმენია ასევე ,,თავისუფალი ზონის" წარმომადგენელი ონისე გერგედავაც. 

 

,,თავისუფალი ზონის" წევრები იძულებული გახდნენ გაეწიათ შესაბამისი წინააღმდეგობა.  ივანიშვილის რეჟიმმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა თავისი რეალური სახე. ივანიშვილი და მისი  ბანდა უპირისპირდება და ებრძვის ყველას ვინც ეწინააღმდეგება ოკუპაციას, ვისთვისაც სქართველოს თავისუფლება ძვირფასია." - აღნიშნულია ,,თავისუფალი ზონის" განცხადებაში.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები