ახალი ამბები
ქვახვრელის წყალი - ,,,ხარჯები მილიონამდე სპეციალურად გაბერეს"

 

კომპანიას კუთვნილი თანხა აღარ ჩაურიცხეს. საუბარია სულ რაღაც 8 900 ლარზე. კომპანია ,,ენვეენმა" ტენდერი 2015 წლის იანვარში მოიგო და პროექტი 45 დღეში შეადგინა.

 

როგორც გაირკვა, საპროექტო ორგანიზაციას წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში უნდა წარედგინა. მას შემდეგ, რაც ექსპერტიზის ბიურო არსებულ მონაცემებს შეამოწმებდა, მოიწონებდა და დადებით დასკვნას დადებდა, საპროექტო ორგანიზაციას ექსპერტიზის თანხაც უნდა გაეღო. სხდომაზე არ დაუკონკრეტებიათ, თუ რა თანხის დამატება იყო საჭირო.

 

,,სწორედ ეს ვერ გათვალა კომპანიამ. სამუშაოები რომ 1 მლნ 300 000-ზე გაწერა, უნდა სცოდნოდა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის საფასურიც ხარჯთაღრიცხვის მოცულობების მიხედვით გაიზრდებოდა. იყო ჩვენთან ,,ენვეენის" წარომადგენელი ჩამოსული, მაგრამ ვერ შევთანხმდით საკითხებზე " - აცხადებს რევაზ გოგიაშვილი.

 

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის სპეციალისტი ალექსანდრე ვეშაპური აცხადებს, რომ ამჟამად სოფელ ქვახვრელის სასმელ წყალზე ახალი პროექტი უნდა დაიწეროს. ,,ის რაც დაწერა საპროექტო ორგანიზაციამ, არ ახლავს ექსპერტიზა. ამიტომ, მივიღეთ ახალი დავალება, რომ ახალი საპროექტო ტენდერი გამოვაცხადოთ' - თქვა მან.

 

,,იქნებ მართლაც 1 მლნ 300 000 ლარი ჭირდება ამ სამუშაოებს?" - იკითხა თემურ აფხაზაშვილმა.

 

რეზო გოგიაშვილმა მას უპასუხა, რომ როდესაც ახალი პროექტის გამოაცხადებენ, პირობებში სამხარაულის ექსპერტიზაზე ხარჯების შემოწმების ვალდებულებას აღარ ჩადებენ.

 

,,საპროექტო ორგანიზაციას შეუძლია ეს ჩვეულებრივ კერძო კომპანიაში ჩაატაროს" - განაცხადა რეზო გოგიაშვილი.

 

ქვახვრელის სასმელი წყლის თაობაზე საკრებულოს სხდომაზე კითხვა საკრებულოს წევრმა სოფელ ქვახვრელიდან თემურ აფხაზაშვილმა დასვა. მისი წუხილი იმან გამოიწვია, რომ მთელი ზამთრის განმავლობაში სოფლის ჭებში გრუნტის წყლები დამშრალი იყო. ამას ხელს სარწყავ არხებზე დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოები უწყობდა, რომელიც ასევე ხარვეზებით მიმდინარეობს. დამშრალი სარწყავი არხები გრუნტის წყლებზეც აისახა. ქვახვრელელები სასმელ წყალს მეზობელი სოფლის უფლისციხის ონკანებიდან ეზიდებოდნენ.

 

სარწყავ არხებზე მუშაობა ამ დრომდე მიმდინარეობს, წყალი რუებში ჯერ კიდევ გაშვებული არაა. ორი კვირის განმავლობაში სამუშაოები აქაც შეფერხებული იყო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებს (დამკვეთს) სამუშაოები არ მოსწონდა. ორკვირიანი ,,დაკითხვების" შემდეგ სამუშაოები გაგრძელდა. ამას წინ უძღოდა ის ფაქტი, რომ სოფელ უფლისციხის მიდამოებში გაჭრილ არხში საცდელად გაშვებულ წყალს აღმართი დახვდა და უკან ,,დაბრუნდა".



Print

სტატიის გამოყენების პირობები