,,მაშინ იყო სკატინა!" - ვინ იტაცებდა ძამას ხეობის ოსური სოფლებიდან საქონელს?
18:35 / 28.10.2019
,,მილიციის თანამშრომლები ეხლა ვიცი რაც არიან და როგორებიც არიან,
მაგრამ მაშინ იყო ,,სკატინა", არაადამიანი იყო. 5 სული რომ მიგყავს შე
კაი ადამიანო, მოვიპარე? წავართვი ვინმეს? მე რომ აქ ვყოფილიყავი, ვერ
წაიყვანდნენ. დედაჩემი იყო სახლში, 80-წლის. ერთს დავაკვლევინებდი,
4-ს დავიტოვებდი" - ეს სიტყვები ეკუთვნის ფარიზეთ თოთროევს, რომელიც
გასულ წელს qartli.ge-მ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანში ჩაწერა.
ინტერვიუს დროს, ფარიზეთ თოთროევმა გაიხსენა, რომ 90-იან წლებში მისი
სოფლიდან საქონელი გაიტაცეს ჯგუფის წევრებმა, რომელსაც ,,სკატინა"
ხელმძღვანელობდა. ქართულ-ოსური კონფლიქტის დაწყებისას ფარიზეთ
თოთროევი თბილისში მუშაობდა და იქ ცხოვრობდა. სოფელში მხოლოდ მისი
მოხუცებული დედა იყო. ერთ დღესაც მის სახლში არაფორმალური დაჯგუფების
წევრები მივიდნენ და საქონელი გასტაცეს.
ვინ იყო
და არის ,,სკატინა" - ქართულად
,,საქონელი"
ფარიზეთ თოთროევთან ჩაწერილი ინტერვიუს შემდეგ
qartli.ge ცდილობდა გაერკვია ვინ იყო ე.წ. სკატინა, თუმცა
ქარელში ბევრი ამ თემაზე საუბარს ერიდებოდა. ქარელის მუნიციპალიტეტის
მერიის გაზეთშიც ვიკითხეთ. გვითხრეს, რომ გაუგიათ სახელი ,,სკატინა",
თუმცა არ იცოდნენ, ვინ იყო.
90-იან წლებში ძამას ხეობის იმ სოფლებში, სადაც ეთნიკური ოსები
ცხოვრობდნენ, საქონლის გატაცების ფაქტები ჩვეულებრივი მოვლენა იყო.
ქართლი.ჯისთან ინტერვიუებში საქონლის გატაცებაზე საუბრობდნენ შემდეგ
სოფლებში: კლდუ, ლეთეთი (ზემო და ქვემო); აფნისი; იმერხევი, ჩიტიხევი
და ა.შ. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ღართაში კი გვითხრეს, რომ
მძარცველები სწორედ ქარელის რაიონიდან მთა-მთა გადადიოდნენ.
,,სკატინა" 29 წლის შემდეგ
ადვოკატი ქამრალ ამჯანოღლი აცხადებს, რომ 90-იან წლებში ,,სკატინა"
იგივე გივი გოდერძიშვილი მაღალ თანამდებობაზე არ მუშაობდა, მისი
ინფორმაციით, ის იყო ჩვეულებრივი თანამშრომელი, რომელიც ალბათ სწორედ
იმ ჯგუფის წევრი იყო, რაზეც მოსახლეობა საუბრობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში აცხადებენ, რომ
მოიძიებენ გივი გოდერძიშვილის ბიოგრაფიას და დეტალურ ინფორმაციას
მოგვაწვდიან.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლის სექტემბერში, ქარელში სახელი ,,სკატინა"
კიდევ ერთხელ ამოტივტივა. გაიტაცეს რუსი ,,ჰაკერი", რომელიც ქარელის
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრობდა და საქართველოში თავშესაფარს
ითხოვდა.
ინფორმაცია ჰაკერის გატაცების შესახებ პირველად qartli.ge- ზე
გამოქვეყნდა.
,,ჰაკერი" ქარელში 2017 წელს რამდენიმე პიროვნებამ გაიტაცა და ფული
გამოსძალა. ის ჯერ დაატყვევეს, შემდეგ აწამეს. აღნიშნულ საქმეზე 5
ადამიანი დააკავეს. მათ შორის, ერთ-ერთი ეთნიკური აზერბაიჯანელი. მას
ადვოკატი ქამრალ ამჯანოღლი იცავს.
2019 წლის ოქტომბრის დასაწყისში წარმოშობით ქარელელ ადვოკატს ქამრალ
ამჯანოღლის პროკურატურამ პრობლემები შეუქმნა. თითქოსდა ადვოკატმა
საპყრობილეში მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოიპოვა, პროკურატურაში მოწმის
სახით დაიბარეს. ქამრალ ამჯანოღლი საქმეს ჩამოსცდილდა და აცხადებს,
რომ სწორედ ეს მიზანი ჰქონდა პროკურატურას.
ქამრან ამჯანოღლი აცხადებს, რომ საქმეში პოლიციის მაღალჩინოსნები
ფიგურირებენ და საქმიდან მისი ჩამოცილება სურთ. 2019 წლის 24
ოქტომბერს რუსი ,,ჰაკერი" შს სამინისტროში დაკითხეს და დაასახელა ის
ორი პოლიციელი, რომელიც მისი გატაცების საქმეში გიფურირებენ. ერთ-ერთი
სწორედ ,,სკატინაა".
სტატიის გამოყენების პირობები