,,იმ ადგილზე, სადაც საქონელი გადავიდა, მავთულხლართები არ არის. შევეცადე ძროხების გადმოყვანას, მაგრამ გადმოსვლა ვეღარ მოვასწარი. რუსი ჯარისკაცები დამადგნენ თავზე. ცოტა ხანი ვიდექით. ვუთხარი, ღვინოს თავისი ატრიბუტებით მოვიტანდი, მაგრამ მიპასუხეს, რომ ვისაც დავურეკეთ, ეგ იმას უთხარიო. ვიფიქრე, უკვე აღარაფერი მეშველება მეთქი" - იხსენებს გიორგი ანანიაშვილი.
მოხუცი ჯარისკაცებმა ჯერ სოფელ ორჭოსანში ფეხით წაიყვანეს. იქ ღამის 12 საათამდე დააყოვნეს. შემდეგ მანქანით ცხინვალში გადაიყვანეს. ოთხი დღის და თანხის გადახდის შემდეგ, გაათავისუფლეს.
,,მობილურიც გამომატანეს და დურბინდიც. ერთ-ერთმა ოსმა მითხრა, დურბინდი რად გინდოდაო, ვუთხარი, ჩემ ძროხას რქებზე ვცნობ და ვათვალიერებ ხოლმე მეთქი. აღარაფერი მითხრეს" - გვითხრა გიორგი ანანიაშვილმა.
ცხინვალის რეგიონის მიმართულებით დაკავებების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება 2013 და 2014 წლებში. სამინისტროს მიერ ,,ინფორმაციის განვითარების თავისუფლების ინსტიტუტისთვის" მიწოდებული დოკუმენტაციის მიხედვით, 2013 წელს და, ასევე, 2014 წელს აღნიშნული მიმართულებით დაკავებულია 142 პირი. ამჟამად, 2015 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით ცხინვალის რეგიონის მიმართულებით დაკავებულთა რაოდენობამ 23 პირი შეადგინა.
სტატიის გამოყენების პირობები