ახალი ამბები
ონოფრიშვილს მუნიციპალიტეტის შენობიდან გასახლება ემუქრება

 

Qartli.gE სტატიაში ,,უფასო ფართი პარლამენტარებისთვის" წერდა, რომ კასპის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ონოფრიშვილი, მუნიციპალიტეტის გამგეობის  გვერდით მდებარე ორსართულიანი შენობის მეორე სართულის სარგებლობისთვის, ქირას არ იხდის.  წლების განმავლობაში რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მიერ არჩეული დეპუტატები თვითმმართველობის ქონებას უსასყიდლოდ განკარგავენ.

 

ონოფრიშვილის ბიუროს საკითხი საკრებულოს სხდომაზე სოფელ თელიანი-სასირეთის დამოუკიდებელმა წარმომადგენელმა საკრებულოში ვახტანგ ბეჟიტაშვილმა დააყენა. მისი თქმით, იმ დროს, როდესაც მუნიციპალიტეტი ჩვეულებრივ მოქალაქეებს ადგილობრივი გადასახადების გადახდას სთხოვს, ანალოგიური პარლამენტარზეც უნდა გავრცელდეს.

 

,,თუ არ გადაიხდის ქირას, დატოვოს შენობა" - განაცხადა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა.

 

საკრებულოს წევრი ,,რესპუბლიკური პარტიიდან" ხათუნა თათანაშვილი აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ხარჯებისთვის მაჟორიტარ პარლამენტარებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხები გამოყოფილი აქვთ. შესაბამისად, ისიც თვლის, რომ ქირის გადასახადი, ასეთ შემთხვევაში, უნდა დაწესდეს.

 

პარლამენტარების ბიუროების საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, როდესაც 2015 წლის აპრილში კახეთში, ქალაქ გურჯაანში, ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა პარლამენტარ გიორგი ღვინიაშვილს (გურჯაანის მაჟორიტარ პარლამენტარს) გამგეობის შენობაში დაკავებული ფართის დატოვება მოსთხოვა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები