ახალი ამბები
,,წყალ-ჩავარდნილი" გორის რაიონი - ,,დიდ ხანს ლოდინი არ შეიძლება"

 

,,ვინ არ გვესწრება?" - იკითხა შეხვედრის დასაწყისში გუბერნატორმა.  თავდაპირველად ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარემ განმარტა, რომ მისი მოადგილე შვებულებაშია, ხოლო გორის რაიონის გამგებლის არყოფნის თაობაზე განმარტეს, რომ დავით ონიაშვილი ყინწვისის მონასტერშია წასული.

 

სამხარეო ადმინისტრაციასთან შექმნილ საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობაში გუბერნატორი, მისი მოადგილეები, რაიონის საკრებულოს თავმჯდომარეები მოადგილეებითურთ, ხოლო გამგებლები - ერთპიროვნულად შედიან. შეხვედრაზე რეგიონალური განვითარების (რგფ) და მუნიციპალური განვითარების (მგფ) ფონდების თანხებით დაწყებული სამუშაოების მიმდინარეობები განიხილეს.

 

,,ამირან, ჩვენი ინფორმაციით, რამდენი პროექტია გორის რაიონში ვადაგადაცილებაზე?" - ჰკითხა გუბერნატორმა მოადგილეს ამირან შავშიშვილს. ,,წყალი რაც არის, ყველა ვადაგადაცილებაზეა" - უპასუხა ამირან შავშიშვილმა.

 

,,ძალიან სამწუხაროა, რომ საპროექტო ორგანიზაციები ვერ ასრულებს აღებულ ვალდებულებებს. თხოვნა მექნება, რომ ფაქტიურად პულსზე გედოთ ხელი ამ კომპანიებთან დაკავშირებით, გაესაუბროთ, ჰკითხოთ რეალური მდგომარეობა. ის რეალური ინფორმაცია მიიღოთ, მალე დაასრულებენ ამ სამუშაოებს თუ რამე პრობლემასთან გაქვთ საქმე. ყოველდღიურ რეჟიმში გააკონტროლეთ. კომპანიებმა კეთილი ინებონ და ჩაგახედონ საქმეში.  როგორც კი დაიწყებ ტენდერები, ყურადღება მიაქციეთ მიმდინარეობას. დაავალეთ ინფრასტრუქტურის სამუშაოებს, რომ გააკონტროლონ სამუშაოები. მე არ ვიცი ეს კომპანიები, ვინ არიან, რა არიან. ვადაგადაცილების შემთხვევაში ყველას მოსთხოვეთ ჯარიმები. დიდ ხანს ლოდინი არ შეიძლება. თუ იქ გამოჩნდება რაღაცა მაინც, რომ ეს დიდხანს გაიწელოს, თქვენ გაქვთ იმის შესაძლებლობა, რომ ხელშეკრულება გაუუქმოთ და ახალი ტენდერი გამოაცხადოთ" - განაცხადა გუბერნატორმა.

 

სახელმწიფო ფონდებიდან გამოყოფილი თანხების სწრაფ და ეფექტური ხარჯვისთვის მადლობა ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა დაიმსახურა. მისი თქმით, კეხიჯვარი-გვერძინეთის 7 კმ-იანი ახალი გზის დაგების სამუშაოები კომპანიამ უკვე დაასრულა. სამუშაოები მარტიდან დაიწყო და მაისისთვის უკვე დასრულდა. გეგმის მიხედვით, ეს გზა ივნისის შუა რიცხვებისთვის კომპანიას გამგეობისთვის უნდა ჩაებარებინა.

 

,,პროექტიც ადრევე შევადგინეთ და ექსპერტიზაც თავის დროზე გაუკეთდა" - განაცხადა სიამაყით ქარელის გამგებელმა.

 

ექსპერტიზასთან დაკავშირებით პრობლემებმა კასპის რაიონში იჩინა თავი. აღმოჩნდა, რომ კასპის რაიონში რამდენიმე სამუშაოზე მშენებელი კომპანიები ვადის გაგრძელებას იმ მოტივით ითხოვენ, რომ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროდან დასკვნები გვიანდება.  ქარელის მაგალითზე განმარტეს, რომ თუკი სამშენებლო კომპანია აღებულ ვალდებულებებს დროულად შეასრულებს, ობიექტების ექსპერტიზებიც დროულად ჩატარდება. მუნიციპალური განვითარების ფონდიდან კასპის რაიონში 30 მლნ-ზე მეტი ლარი იხარჯება.

 

რაც შეეხება ქალაქ გორს, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ქალაქს თანხები არ გამოეყო (განსხვავებით რეგიონალური განვითარების ფონდიდან), თუმცა როგორც ქალაქის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა განაცხადა, საცურაო აუზის დაფინანსებთან დაკავშირებით პასუხს, სოწრედ, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ელოდებიან.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები