ახალი ამბები
,,ბატონო პაპუნა, როგორ მუშაობს მერია?"

 

2015 წლის 26 მაისიდან, გორის 7 ქუჩაზე ასფალტის დაგების სამუშაოების ჩატარების მიზნით, ტენდერები გამოცხადდება. ამას წინ უძღვის მერიის მიერ შესყიდვების გეგმაში დაახლოებით 53 ათასი ლარის ღირებულების საწვავისა და წარმომადგენლობითი ხარჯის შემცირების შესახებ ცვლილებების წარდგენა. ახალი ტენდერები 9 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცასაც შეეხება.

 

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებიდან 2015 წლის 18 მაისს 2 მლნ 409 413 ლარი ქალაქ გორისთვის გამოიყო. მანამდე დაახლოებით 3 მლნ ლარი 20 იანვარს გაითვალისწინეს. ის პროექტები, რომლებზეც უკვე დოკუმენტები შედგენილია და 26 მაისიდან შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე აიტვირთება, შემდგია:

 

ღამბარაულის ქუჩა (320 723 ლარი); შევჩენკო, ლეონიძის (სრულად) და თამარ მეფის ქუჩის ნაწილი (438 462 ლარი); სასაფლაოს მისასვლელი გზა (395 614 ლარი); წმინდაწყლის დასახლებაში არსებული ქუჩების რეაბილიტაცია - 336 998 ლარი; საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია (917 616 ლარი); ნაგვის კონტეინერების შეძენა - 100 000 ლარი; სამხატვრო სკოლა - 118 000 ლარი.

 

რაც შეეხება სხვა პროექტებს, გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი აცხადებს, რომ 2015 წლის 28 მაისამდე საპროექტო ორგანიზაციები წარმოადგენენ ნახაზებს, საპროექტო დოკუმენტაციას. სავარაუდოდ, 4 მასშტაბური პროექტის დოკუმენტაციაზეა საუბარი. ,,შესაძლოა, დარჩენილ თანხით  ამ ახალი პროექტების განხორციელებაში ვერ ჩავეტიოთ, მაგრამ პრიორიტეტების მიხედვით შევრჩევთ." - დასძინა მერმა. 

 

,,ჩვენგან რა გჭირდებათ მთავრობასთან მიმართებაში?" - ჰკითხა გუბერნატორმა

 

,,თანხა არ გვყოფნის, ეგ არის პრობლემა" - უპასუხა ზურაბ ჯირკველიშვილმა.

 

,,ბატონო პაპუნა, რას იტყვით, კმაყოფილი ხართ მერიის მუშაობით?" - ჰკითხა გუბერნატორმა საკრებულოს თავმჯდომარეს პაპუნა კობერიძეს.

 

პაპუნა კობერიძის თქმით, საკრებულო მერიას მხარში უდგას და წარდგენილ პროექტებზე ხელშეშლა არ არსებობს: ,,შეიძლება ითქვას, საკრებულოში ჯანსაღი ოპოზიცია გვყავს" - განაცხადა პაპუნა კობერიძემ.

 

,,თუ საკრებულოში ჯანსაღი ოპოზიცია გვყავს, მაშინ კარგად გვქონია საქმე" - აღნიშნა გუბერნატორმა.

 

შეგახსენებთ, ქალაქ გორის საკრებულოს 15 კაციანი შემადგენლობაში უმრავლესობა ოპოზიციას (სხვადასხვა პარტიებიდან) წარმოადგენს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები