ახალი ამბები
კასპის ,,ინფრასტრუქტურა" გუბერნატორის ლოგიკაში არ ჯდება

 

,,წყალი როგორ გაქვთ?" - ჰკითხა გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა ხოვლელებს. ,,კი გაკეთდა, მაგრამ მაინც წყლის ნაკლებობაა" - უპასუხეს გუბერნატორს.

 

,,დებეტის ნაკლებობაა, ბატონო ზურაბ" - უთხრა მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა გუბერნატორს.

 

,,გოჩა, პრეტენზია მაქვს ასეთი. რამდენ პროცენტს არა აქვს წყალი, 20-30 თუ 40%-ს?" - ჰკითხა გუბერნატორმა.

 

,,დაახლოებით 20-30%-ს" - განაცხადა ერთ-ერთმა მოსახლემ.

 

,,პირდაპირ გეტყვით, რომ 30 ათასი ლარით 80%-ი რომ მოაგვარეთ, მაშინ დაგემატებინათ თანხები ადგილობრივი რესურსით და მთლიანად მოგეგვარებინათ პრობლემა" - აღნიშნა გუბერნატორმა.

 

გუბერნატორის თქმით, ყოველ წელიწადს იხარჯება თანხები, თუმცა პრობლემა საბოლოოდ არ გვარდება. უახლოეს დღეებში ხოვლის წყალთან დაკავშირებით კონკრეტული დასკვნა დაიდება და არ არის გამორიცხული ინფრასტრუქტურის სამსახურის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

 

გარდა წყლისა, გუბერნატორმა ხოვლესთან მისასვლელი გზა დაათვალიერა. ქვემო ხანდაკი-ხოვლის გზის სამუშაოები 3 თვის წინ დასრულდა. პრობლემატურ გზას ამჟამადაც შეამჩნიეს ,,ხარვეზები", კერძოდ, ალაგ-ალაგ უკვე ხელახლა დაგებული ასფალტი შეინიშნება. პროექტის ხანგრძლივობამ თითქმის 2 წელი გასტანა. ხოვლელები ამბობენ, რომ სამშენებლო კომპანიამ სანიაღვრე სისტემები არ მოაწესრიგა.

 

,,სულ ვეუბნებოდით მშენებელს, რომ მოეწესრიგებინა სანიაღვრეები, რადგან გზაზე გადმოსული წყალი მალევე დააზიანებს ასფალტს. გვპასუხობდნენ, რომ პროექტში ეს სამუშაოები გათვალისწინებული არ იყო" - აცხადებენ ხოვლელები.

 

გუბერნატორის თქმით, სამწუხაროდ, სამუშაოები 2 წლის დაიგეგმა, ხოლო სამშენებლო კომპანიას სატენდერო წინადადების მიხედვით შესაბამისი ვალდებულებები აღებული არ ჰქონდა. მან გამგეობას ურჩია, რომ ორწლიანი გარანტიის პერიოდში კომპანიას სავარაუდოდ წარმოშობილი ხარვეზების აღმოხვრა მაქსმიმალურად მოსთხოვოს. ადგილობრივი ხელისუფლებისთვის კომპანია ,,ბილდ ინდასთრი" შავ სიაში უკვე მოხვდა.

 

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ხოვლეს გზასთან დაკავშირებით სისტემატიურად წერდა: ჯერ კიდევ 2013 წლის მარტში ხოვლელებმა დაპირებული ახალი გზა მოითხოვეს. 

 

ამ ეტაპისთვის კომპანია ,,ბილდ ინდასთრი" 105 ათასი ლარით ვადაგადაცილებების გამოა დაჯარიმებული.

 

5 კმ-მდე გზის სამუშაოების მოცულობა თითქმის მილიონ ნახევარი ლარის ღირებულებისაა. სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ მოცულობებზე დადებითი დასკვნა დადო, თუმცა, იმის გამო, რომ სატენდერო წინადებების მიხედვით, კომპანიას მხოლოდ მოცულობებთან დაკავშირებით ევალებოდა ექსპერტიზის ჩატარება, ხარისხის მაქსიმალური კონტროლი თავიდანვე (2012 წლის ბოლოს) ,,არ ჩადეს".

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები