ახალი ამბები
,,გულზე ხელი უნდა დავადო კალაძეს"

 

,,ოღონდ ეგ არ უთხრა.  ნეპოტიზმია და ხომ იცი, სულ ნეპოტიზმზე ლაპარაკობენ" - ჩაერია საუბარში საკრებულოს წევრი წინარეხის თემიდან ია ირემაშვილი.

 

მოხუცმა ქალბატონმა კალაძე გაიცნო, გულზე ხელიც დაადო, მაგრამ ვერ უთხრა, რომ შვილიშვილი და მინისტრის მეუღლე კურსელები არიან.

 

ფაქტი 25 მაისს მოხდა, როდესაც კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელადგორში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გაზიფიცირების დაწყების მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.


საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი აირით მომარაგების ღონისძიების ხელშეწყობის მიზნით, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“-მ კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების: ეზატის, გუდალეთის, თელადგორის და ქვემო ხანდაკის გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო სამუშაოები განახორციელა.


ოთხივე სოფლის გაზსადენის საპროექტო ჯამური სიგრძე 42 275 გრძივი მეტრია, ხოლო აბონენტთა რაოდენობა 945.


მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ბუნებრივი აირი ყველა სოფლისათვის იყოს ხელმისაწვდომი. ამასთან, მოსახლეობა შეყვანის ხარჯს 600 ლარის ნაცვლად, 400 ლარს გადაიხდის და განვადებით გადახდის შესაძლებლობაც ექნებათ - აღნიშნა ენერგეტიკის მინისტრმა მოსახლეობასთან საუბრისას. მოსახლეობამ ვიცე-პრემიერს მადლობა გადაუხადა.


სოფელ თელადგორში იმყოფებოდნენ საქართველოს გაზისა და ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორი მამუკა კობახიძე, შიდა ქართლის მხარის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი, მისი მოადგილე ამირან შავშიშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი და კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ბუღაძე.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები