ახალი ამბები
,,სოზარმა ტელეფონით გვითხრა, ეგ შენობები მაინც ჩვენი იქნებაო"

 

უმცირესობაში მყოფ ,,ქართულ ოცნებას" გარანტირებული აქვს, რომ მეოთხე ოპოზიციური პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ამ პროექტს მხარს დაუჭერს, რადგან სწორედ ნაციონალური მოძრაობის პერიოდში დაწყებულ პროცესთან აქვთ დეპუტატებს საქმე. ამ ოთხ ბაღში ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" შესახლებულ დევნილებს ფართი სველი წერტილებით გაურემონტა. ამჟამად კი, დაკანონების პროცედურები და სხვა სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების საკითხებია შეჩერებული. მერიას შენობების მოვლის სახსრები არა აქვს, ხოლო დევნილთა სამინისტრო მუნიციპალიტეტის ქონებას ვერ ეხება.

 

აღნიშნულ ოთხ ბაღში ამჟამად 84 დევნილი ცხოვრობს. ,,თავისუფალი დემოკრატების" წევრი თამარ თედლიაშვილი ფიქრობს, რომ დევნილების დარჩენა ამ ბაღებში მიზანშეუწონელია. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ქალაქში ახალი კორპუსები შენდება, ხოლო უმჯობესია, რომ საბავშვო ბაღებში მცხოვრები დევნილები ახალ კორპუსებში გადაიყვანონ.

 

,,ეს ბაღები კი ბალანსზე მერიას დარჩეს, ხოლო გამოთავისუფლების შემთხვევაში მოახდინოს რეაბილიტაცია ისევ ბავშვებისთვის" - აღნიშნავს თამარ თედლიაშვილი. მისი აზრით, მომავალში ბავშვთა კონტინგენტი გაიზრდება, ხოლო ქალაქის მთავრობას ახალი საბავშვო ბაღები ექნება ასაშენებელი, რაც უფრო ძვირი დაჯდება.

 

იდეას ,,ქართული პარტიისა" და ,,ნინო ბურჯანაძის მოძრაობის" წევრებიც ეთანხმებიან. მაგალითად, ილია მეტრეველმა ,,ქართული პარტიიდან" კონკრეტული მონაცემები მოითხოვა, თუ ვინ უნდა შეასახლოს მთავრობამ დევნილების ახალ კორპუსებში. აღმოჩნდა, რომ ახალი კორპუსები გათვლილია 484 დევნილ ოჯახზე. გორსა და გორის რაიონში კი სულ 1300 დევნილი ოჯახი ცხოვრობს.

 

,,მე ვიცი, რომ ეს საკითხი ზემოდან დაგავალეს და თქვენ არ დაგსიზმრებიათ. სოზარს (დევნილთა მინისტრი - სოზარ სუბარი, რედ) ველაპარაკე ტელეფონით და მითხრა, რომ თქვენ რაც არ უნდა ქნათ, შენობები მაინც ჩვენ დაგვრჩებაო. ჯერ შეასახლეთ დევნილები იმ კორპუსებში და მერე მოითხოვეთ საკრებულოსგან შენობის გადაცემის ნებართვა" - განაცხადა ,,ქართული პარტიის" წევრმა რამაზ იოსელიანმა.

 

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ნინო ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ქალაქში საბავშვო ბაღების პრობლემა არ დგას და სექტემბრისთვის არც ერთი ბავშვი ბაღის გარეშე არ რჩება. მან ყურადღება იმ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გაამახვილა, რომელიც ზაფხულში 9 საბავშვო ბაღს შეეხება. ბაღების რეაბილიტაციაზე 900 000 ლარზე მეტი იხარჯება და სექტემბრისთვის დამატებით 400-ზე ოდნავ მეტი ბავშვისთვის დამატებითი ჯგუფების შექმნა შესაძლებელი გახდება.

 

რაც შეეხება ,,ქართული პარტიის" შენიშვნას, რომ ქალაქის მთავრობა დევნილებზე ნაკლებად ზრუნავს, ნინო ზურაბიშვილმა 2004 წელს მომხდარ ავანტიურაზე მიანიშნა, როდესაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი (ამჟამად ,,ქართული პარტიის" ლიდერი) იყო და ცხინვალის რეგიონში საომარი ოპერაციები დაიწყო.  ,,ეს დევნილები ჯერ 2004 წლის ავანტიურამ და შემდეგ შემდგომმა მოვლენებმა დაგვიტოვა" - უთხრა ,,ქართული პარტიის" წარმომადგენელს ნინო ზურაბიშვილმა.

 

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ქალაქის რამდენიმე საბავშვო ბაღი კერძო შენობაშია განთავსებული და მერია ქირის თანხას იხდის. ეს ფაქტიც ოპოზიციამ საკუთარი არგუმენტებისთვის გამოიყენა.

 

,,საბავშვო ბაღებში ქირას იხდით და ეს შენობები უნდა გადასცეს მთავრობას?" - იკითხეს მათ.

 

ნინო ზურაბიშვილის განმარტებით, ამ ეტაპზე საბავშვო ბაღებიდან დევნილებს ვერ გაასახლებენ. ხსენებულ 4 ყოფილ საბავშვო ბაღში ფართები საცხოვრებელი პირობების მიხედვით გადაკეთებულია. ასევე აქ უკვე ადაპტირებულია მოსახლეობა. ხოლო რაც შეეხება ახალ კორპუსებს, იქ სასტუმრო ,,ქართლში", ტურბაზაში და სხვა კომპაქტურად ჩასახლებულ ადგილებში მცხოვრები დევნილები უნდა მოხვდნენ. ამ პროცესის აღსაწერად კომისიის სხდომაზე დევნილთა სამინისტროს რეგიონალური სამმართველოს უფროსი თამაზ გვიმრაძეც იყო მიწვეული.

 

გორის მერის მოადგილე ნუკრი ჯოხაძე განმარტავს, რომ თავის დროზე საბავშვო ბაღებში მცხოვრები დევნილებისთვის ფულადი რესურსი დაიხარჯა. თანაც იმგვარად, რომ ეს შენობები საცხოვრებლად გადაკეთდა.

 

,,ახლა რომ ეს დევნილები ამ ბაღებიდან გავასახლოთ. დამატებითი რესურსებია მოსაძებნი, რომ შენობები კვლავ საბავშვო ბაღების სტანდარტზე გადავიყვანოთ. თქვენ როგორ ფიქრობთ, ურჩევნია დევნილს იმ კორპუსში გადასვლა, სადაც 484 ოჯახი ცხოვრობს და მიატოვოს გარემონტებული შენობა, სადაც საკუთარი ნაკვეთიც კი აქვს." - აღნიშნა ჯოხაძემ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები