ახალი ამბები
11-წლიანი დავის შემდეგ ავარიაში დაღუპული პოლიციელის ოჯახს შსს ზიანს აუნაზღაურებს
11-წლიანი დავის შემდეგ, იმ ოჯახს, რომლის წევრი ავტოავარიისას შედეგად დაიღუპა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 50 000 ლარს აუნაზღაურებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2019 წლის 11 დეკემბერს მიიღო.

გადაწყვეტილება ერთი თვის განმავლობაში არ გასაჩივრებულა და ის კანონიერ ძალაში შევიდა.

ავტომანქანას პოლიციის თანამშრომელი, დეტექტივ-გამომძიებელი მართავდა.

დასავლეთ საქართველოდან მიმავალი ავტომანქანა მცხეთა-თბილისის მონაკვეთზე ჯერ ბორდიურს დაეჯახა, შემდეგ ამოტრიალდა. მანქანაში სულ 3 პირი იმყოფებოდა. გარდაიცვალა 24 წლის მამაკაცი.

ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მძღოლი, პოლიციის თანამშრომელი ნასვამი იყო, მიღებული ჰქონდა 4 ბოთლი ლუდი. მას თან ორი თანაშემწე ახლდა.

ფაქტი 2008 წლის 6 აპრილს მოხდა. გამოძიება 2009 წლის 19 მაისს, დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, შეწყდა.

2013 წელს გამოძიება, გარდაცვლილის მშობლების მოთხოვნით, განახლდა. გამომძიებელ-დეტექტივს ბრალი 2016 წელს წაუყენეს, თუმცა თავს დამნაშავედ არ ცნობდა.

2018 წლის 18 სექტემბერს ბრალდებულმა დანაშაული აღიარა და ამნისტია შეეხო.

რაც შეეხება სამოქალაქო დავას, პირველი ინსტანციის სასამართლომ ზიანის ანაზღაურებაზე ოჯახს უარი 2019 წლის ზაფხულში განუცხადა. მომდევნო ინსტანციის, სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება გააუქმა და შსს-ს ზიანის ანაზღაურება დააკისრა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები