ახალი ამბები
სურამში ლესია უკრაინკას მუზეუმს დაშლიან - კვლავ აგების მეთოდით
სურამში, ლესია უკრაინკას მუზეუმის შენობის შენარჩუნება შეუძლებელია. ამის შესახებ ოფიციალური დოკუმენტი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ ხაშურის მერიას გაუგზავნა.

დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ დაიწყება ნაგებობის დაშლა, თუმცა კვლავ აგების მეთოდით.

,,ნაგებობა დღევანდელი ფიზიკური მდგომარეობა სავალალოა, დამეწყვრისა და მეწყრული ზონაში მდებარეობის გამო შენობა სრულად ამორტიზირებულია. მზიდ კედლებში აღინიშნება მრავლობითი ვერტიკალური ბზარები, (5-8 სმ სიგანის), ზოგიერთ შემთხვევაში კი ფაქტიურად კედლები შუაზეა გაყოფილი ასევე აღინიშნება სხვადასხვა მიმართულების ჯდენითი დეფორმაციები." - აღნიშნულია დოკუმენტში.

2020 წლის 3 თებერვალს, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ, შენობის დაშლისა და საძირკვლის მომზადების მიზნით, 85 000 ლარი გამოყო. პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წელს დაგეგმილია შენობის დაშლა საძირკვლამდე.

მუზეუმის შესახებ:

ლესია უკრაინკას მუზეუმ-ბიბლიოთეკა, განთავსებულია სურამელი აზნაურის, ცნობილი ეთნოგრაფის ნიკოლოზ აბაზაძის XIX ს-ის სახლში. მუზეუმის ფონდებში დაცულია ცნობილი პოეტისა და მწერლის ცხოვრებასა და შემოქმედებასთან დაკავშირებული მასალები: პოეტის კრებულები, ხელნაწერები, სხვადასხვა ხასიათის დოკუმენტები, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ნუმიზმატიკური, ფოტო და ეთნოგრაფიული მასალა.

მუზეუმ-ბიბლიოთეკის შენობის დღევანდელი იერსახე წარმოადგენს საბჭოთა პერიოდის გადაკეთების და რეკონსტრუქციის შედეგს, კერძოდ; საარქივო ფოტოებიდან ჩანს, რომ შენობას მოგვიანებით დაემატა დეკორატიულად დამუშავებული პარაპეტი, რუსტები, გადაკეთებულია ფასადის ფრამუგიანი სარკმლის ღიობები, ამოშენებულია ფასადის ცენტრალური პორტიკი, სადაც მოწყობილია გვიანი პერიოდის ხის უსახური დეკორატიული კარი და ვიტრაჟები. ასევე ამავე პერიოდის მიეკუთვნება ხის დეკორატიული ელემენტებით გაფორმებული შენობაზე ასასვლელი კიბების მოაჯირები, ეზოში შემოსასვლელი ჭიშკარი და ტალავერის ლითონის კონსტრუქციაზე დამონტაჟებული ხის დეკორატიული პანოები.

მუზეუმი ერთსართულიან შენობას წარმოადგენს ნაწილობრივი სარდაფით, რომელიც მხოლდ მთავარი ფასადის მხარეს აქვს. ძირითად საშენ მასალად გამოყენებულია ქვა აგურის ჩანართებით. მთავარი ფასადი გაფორმებულია ცემენტის დეკორატიული ნალესობით და პროფილირებული მცირე ზომის კარნიზით. ფასადებზე ფანჯრებს შემოუყვება დეკორატიული არშია.


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები