ახალი ამბები
მარტოხელა დედა ძევერიდან
რიტა დურული სოფელ ძევერაში, საკუთარ სახლში ცხოვრობს. ის ორ მცირეწლოვან შვილს ზრდის. 2017 წლიდან 2019 წლამდე სოციალურ დახმარებას იღებდა.




,,გადავწყვიტე შევრიგებოდი ჩემ მეუღლეს და გადავედი სხვა სოფელში საცხოვრებლად. იმ პერიოდში სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებმა გადაამოწმეს ჩემი მდგომარეობა ძევერაში და ვერ გვნახეს სახლში. ამიტომ, შეგვიწყვიტეს დახმარება. ჩემი მეუღლის სახლიდან კი 5 თვის წინ დავბრუნდი, მაგრამ სოციალური დახმარების აღდგენა ვეღარ შევძელი" - გვითხრა რიტა დურულმა.

მას სოციალური დახმარება 2019 წლის აგვისტოში შეუწყდა და ერთი წლის განმავლობაში დახმარების მისაღებად განცხადების დაწერის უფლება შეუზღუდეს.

,,აგვისტომდე მომიწევს ლოდინი, რომ სოციალური დახმარება მოვითხოვო. მანამდე იქნებ რამე გამოჩნდეს სოფელში, რომ მუშად ვიმუშაო. შორს ვერ წავალ, აქვე უნდა იყოს სამუშაო. ბავშვებს ხომ ვერ მივატოვებ" - ამბობს რიტა დურული.

სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ, რომ რიტა დურულს განცხადებით მიმართვა მხოლოდ მაშინ შეუძლია, თუ სოციალური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. თუმცა კომისია განიხილავს, დაუშვებენ თუ არა გამონაკლისს:

,,მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ქალბატონს ერთი წლის განმავლობაში აღარ შეუძლია მიმართოს დახმარების თხოვნით, სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, პირს ერთწლამდე ვადით ადრე, შეუძლია განცხადების დაწერა. კომისია განიხილავს და ამის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება" - აცხადებს სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსი სპეციალისტი ნინო ჩხაიძე.

იხ. ვიდეო 


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები