,,ჯერ ამის სახლში ვიქეიფეთ, მერე ჩემთან სახლში მივდიოდით, იქ უნდა
გაგვეგრძელებინა ქეიფი" - განაცხადა 47 წლის მამაკაცმა, რომელიც
40-წლის მამაკაცთან ერთად, წუხელ სოფელ მეჯვრისხევში დააკავეს.
სასამართლომ დღეს ორივე მათგანს, პოლიციელების მოთხოვნისადმი
დაუმორჩილებლობისა და შეურაცხყოფის გამო, 2-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.
მოსამართლე ნინო შარაძემ მათ განუმარტა, რომ აღნიშნული
სამართალდარღვევის მუხლი ფულად ჯარიმას 1000-დან 4 ათას ლარამდე
ითვალისწინებს, თუმცა ფინანსური მდგომარეობის გამო, ორდღიანი
პატიმრობა გამოიყენა.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა მეჯვრისხევის
პოლიციის განყოფილების თანამშრომელმა ლევან მდინარიძემ. მისი
განცხადებით, განყოფილების თანამშრომრომლებმა მამაკაცები სოფლის
ქუჩაში შეამჩნიეს:
,,ვინაიდან ისინი იმყოფებოდნენ ნასვამ მდგომარეობაში, ჩვენმა
პოლიციელებმა: საათაშვილმა, ბექაურმა და ჩადუნელმა მოუწოდეს გზიდან
გადასვლა. მათ განაცხადეს, რომ ისინი იმყოფებოდნენ საკუთარ სოფელში და
სადაც უნდოდათ, იქ ივლიდნენ. ამის შემდეგ, მიაყენეს ჩვენს პოლიციელებს
სიტყვიერი შეურაცხყოფა." - განაცხადა პოლიციელემა ლევან
მდინარაძემ.
დაკავებულებმა ჩადენილი დარღვევა აღიარეს და აღნიშნეს, რომ ნასვამები
იყვნენ და არ ახსოვთ, რა მოხდა:
,,უნდა გაითვალისწინოთ, რომ ესენი არიან პოლიციელები და მეტი
პატივისცემა გამოიჩინოთ მათ მიმართ, მით უმეტეს ეს სოფელი იცით რა
ტერიტორიაზე მდებარეობს. იცავენ თქვენს უსაფრთხოებას." -განუცხადა
მოსამართლე ნინო შარაძემ დაკავებულებს.
სტატიის გამოყენების პირობები