ახალი ამბები
მოქალაქემ ქვიშხეთის გვირაბის მშენებელ კომპანიას დავა მოუგო
ქვიშხეთში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის შედეგად, საცხოვრებელი სახლის დაზიანების ფაქტი დადგინდა. ამის შესახებ სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება 2020 წლის 19 იანვარს მიიღო. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, უცხოურ კომპანიას ერთ-ერთი დაზარალებულის მიმართ 14 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.

დავა კომპანიასა და მოქალაქეებს შორის, 2018 წლიდან დაიწყო, ეს მას შემდეგ, როდესაც რკინიგზის მე-9 უბანზე გვირაბის გასაყვანად გარკვეული ტერიტორია ააფეთქეს. ამ აფეთქების შედეგად დაზიანდა კერძო სახლი.

ხაშურის სასამართლომ კომპანიის არგუმენტები გაითვალისწინა და მოქალაქეს სარჩელი არ დაუკმაყოფილა, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გააუქმა. ახალი გადაწყვეტილებით სამშენებლო კომპანიას კომპენსაციის გადახდა დაეკისრა. უზენაესმა სასამართლო დაეთანხმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების პოზიციას.

სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ 2018 წლის 17 ივნისის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სისტემურ და ხშირ აფეთქებებს შესაძლოა, გამოეწვია ნიადაგის ჯდენითი პროცესები, რაც გამოიწვევდა მოსარჩელის საცხოვრებელი სახლისა და ფერდობის საყრდენ კედლის დაზიანებას, რადგან ცნობილია, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში და მრავალჯერადად განმეორებული ვიბრაციული დატვირთვების შედეგად ხდება თიხნარი გრუნტების გაფხვიერება, ხოლო ქვიშნარი გრუნტების ჯდენა, რაც შესაბამისად აისახება შენობა-ნაგებობების ტექნიკურ მდგომარეობაზე.

სამშენებლო კომპანია უთითებს, რომ ექსპერტიზის დასკვნა ზოგადია და არ წარმოადგენს უტყუარ მტკიცებულებას იმისა, რომ საცხოვრებელი სახლის დაზიანება ამ აფეთქებებმა გამოიწვია. საპასუხოდ, სასამართლომ ასეთი დასკვნა გამოიტანა:

,,აფეთქებების ერიოდში (2013-2017 წლებში) საქართველოს ტერიტორიაზე არ ყოფილა ისეთი სიმძლავრის მიწისძვრები, რომლებიც გამოიწვევდა ხაშურის რაიონის სოფელ ქვიშხეთში არსებული შენობა-ნაგებობების მნიშვნელოვან დაზიანებებს. მოქალაქის სახლზე და საყრდენ კედელზე არსებული დაზიანებები გამოწვეული იყო N9 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული სამუშაოებით." - წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

,,საქართველოში ინდივიდუალური სახლების აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებიც აშენებულია 1990 წლამდე, ვერ აკმაყოფილებს სეისმომედეგი მშენებლობის ნორმებსა და წესებს, თუმცა ამ სახლების ტექნიკური მდგომარეობა მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია და მათი შემდგომი ექსპლუატაცია დასაშვებია.

ექსპერტიზის დასკვნის საწინააღმდეგოდ სამშენებლო კომპანიამ სასამართლოს საერთაშორისო კომპანიის დასკვნა წარუდგინა, რომლის მიხედვით კვლევა უკავშირდება ზოგადად გვირაბის მშენებლობისას აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგს, სამუშაოების წარმოების კონსულტაციას და არ არის მიღებული კონკრეტული უძრავი ნივთების გამოკვლევის შედეგად.

"სს "საქართველოს რკინიგზა" ახორციელებს თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტს, რომლის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს, 2011 წლის 12 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ახორციელებს კომპანია შპს "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი", ინჟინერ-კონსულტანტთა საერთაშორისო ფედერაციის ყვითელი წიგნით (FIDIC Yellow Book) დადგენილი ფორმისა და წესების შესაბამისად. საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები წარმოებს საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების სრული დაცვით, რომელსაც ზედამხედველობს კომპანია - ILF Beratende Ingenieure ZT Gmbh-ის და DB International Gmbh-ის კონსორციუმი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები