ახალი ამბები
ცხინვალიდან გათავისუფლებულ ელდარ გუნდიშვილს სხეულზე სისხლჩაქცევები აღენიშნება
მიუხედავად იმისა, რომ ელდარ გუნდიშვილი რუსეთის სამხედრო ძალების წარმომადგენლების მხრიდან, ცემის ფაქტს უარყოფს, მის სხეულზე სისხლჩაქცევების კვალი დღემდე აღენიშნება.

დღეს ის სოფელ აძვში ტრავმატოლოგმა ვაჟა გაფრინდაშვილმა მოინახულა. ელდარ გუნდიშვილი 2020 წლის 26 თებერვალს რუსეთის სამხედროებმა დააკავეს. 28 თებერვალს გაათავისუფლეს, თუმცა სამხარეო პოლიციის შენობა ისე დატოვა, რომ ცემის შესახებ, ჟურნალისტებთან არაფერი უთქვამს.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ,,ძალა ერთობაშიას" ლიდერისთვის, დავით ქაცარავასთვის ცნობილი გახდა, რომ გუნდიშვილი სასტიკად იყო ნაცემი. მისი განმარტებით, დაჟეჟილობების შესახებ, უშუალოდ ელდარ გუნდიშვილის მეუღლისგან შეიტყო.

,,ოკუპანტების მიერ ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიიდან, სოფელ აძვიდან გატაცებული 65 წლის ელდარ გუნდიშვილი სახლში დაბრუნდა და ეს ყველას ბუნებრივია გვიხარია. მაგრამ როგორც გაირკვა, ოკუპანტებმა ელდარ გუნდიშვილს დაკავებისას სცემეს და მას სხეულზე საკმაოდ სერიოზული დაბეჟილობები აღენიშნება. მოგმართავთ ექიმებს, ვის შეუძლია წამოგვყვეს სოფელ აძვში ელდარ გუნდიშვილის მოსანახულებლად, სავარაუდოდ მას ექიმის დანიშნულება და გარკვეული მკურნალობა ესაჭიროება." - განაცხადა დავით ქაცარავამ.

იმავე დღეს, სამხარეო პოლიციის გამომძიებლებმა ელდარ გუნდიშვილი პოლიციაში დაიბარეს. გუნდიშვილის ხელმეორედ დაკითხვის საფუძველი სწორედ ანტისაოკუპაციო მოძრაობა ,,ძალა ერთობაშიას" ლიდერის დავით ქაცარავას განცხადება გახდა.

პოლიციის შენობიდან დაკითხვის შემდეგ გამოსულმა გუნდიშვილმა ცემის ფაქტი კვლავ უარყო, თუმცა აღნიშნა, რომ ახლა აღარაფერი სტკივა:

,,ცემა არ ყოფილა. უბრალოდ ვიჭიდავეთ. როცა გავუძალიანდი და წავიქეცი, მაშინ ვიტკინე ცოტა. რაფერი დაჟეჟილობა მქონდა. ეხლა აღარაფერი მტკივა." - განაცხადა ელდარ გუნდიშვილმა.

ელდარ გუნდიშვილი 28 თებერვალს საღამოს 71-წლის მამაკაცი დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურმა ერგნეთში საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენლებს გადასცა.

,,ტყეში წავედი, ერთი ღერი შეშა წამოვიღე. თანდათან, გზაში ვკრეფდი ასკილს. ერთი სამი კილო რომ მოვკრიფე, თან გართული ვიყავი, წამომეპარნენ რუსები, ავტომატებით შეიარაღებულები. გამოქცევა კი დავაპირე, მაგრამ მერე დავიწყეთ ჭიდაობა, ვიბღლაძუნავეთ კარგა ხანი, მერე დამიჭირეს და წამიყვანეს. გადამიყვანეს არცევის ბაზაზე და იქ დამკითხეს, მერე ცხინვალში. ვუთხარი რაც იყო, მე არ გადამიკვეთია, იმათი ბანერი სადაცაა, არ გადავსულვარ, აქეთ ვიყავი. ჯარიმა არ ვიცი ვინ გადაიხადა. დაკავების დროს რაღაცეები გაისროლეს,” - ეს არის ელდარ გუნდიშვილის პირველი კომენარი, რომელიც 28 თებერვალს ჟურნალისტებთან გააკეთა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები