ახალი ამბები
ვაჟა გაფრინდაშვილი: ,,ელდარ გუნდიშვილმა არ მომცა უფლება მისი ჯანმრთელობის შესახებ ვისაუბრო"
ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა დღეს სოფელ აძვში 72-წლის ელდარ გუნდიშვილი მოინახულა, რომელიც 26 თებერვალს რუსეთის სამხედრო ძალების წარმომადგენლებმა საკუთარ ეზოსთან დააკავეს. 

ელდარ გუნდიშვილს სხეულზე სისხლჩაქცევები აღენიშნება, ამის ამსახველი ფოტო დღეს მის სანახავად ჩასულმა სამოქალაქო აქტივისტებმა გადაიღეს. გუნდიშვილი ამბობს, რომ დაზიანებები დაკავების დროს, კერძოდ, სამხედროებთან ჭიდაობისას მიიღო. 

,,ბატონმა ელდარმა არ მომცა უფლება თავის ჯანმრთელობაზე ვილაპარაკო. გუშინ ყავდათ ექიმთან. ჩემი შეფასებითაც მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, საშიში არაფერია. რა მოუვიდა და როგორ მოუვიდა, არ მომცა ამის თქმის უფლება. მე როცა ვნახე დავით ქაცარავას პოსტი, დავუკავშირდი მას და ჩამოვედი გუნდიშვილის სანახავად. სხვას ვერაფერს გეტყვით." - გვითხრა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

7 მარტს ანტისაოკუპაციო მოძრაობის ,,ძალა ერთობაშიას" ლიდერისთვის, დავით ქაცარავასთვის ცნობილი გახდა, რომ გუნდიშვილი სასტიკად იყო ნაცემი. მისი განმარტებით, დაჟეჟილობების შესახებ, უშუალოდ ელდარ გუნდიშვილის მეუღლისგან შეიტყო.

,,დაახლოებით 1 კვირის წინ ოკუპანტების მიერ ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიიდან, სოფელ აძვიდან გატაცებული 65 წლის ელდარ გუნდიშვილი სახლში დაბრუნდა და ეს ყველას ბუნებრივია გვიხარია. მაგრამ როგორც გაირკვა, ოკუპანტებმა ელდარ გუნდიშვილს დაკავებისას სცემეს და მას სხეულზე საკმაოდ სერიოზული დაბეჟილობები აღენიშნება. მოგმართავთ ექიმებს, ვის შეუძლია წამოგვყვეს სოფელ აძვში ელდარ გუნდიშვილის მოსანახულებლად, სავარაუდოდ მას ექიმის დანიშნულება და გარკვეული მკურნალობა ესაჭიროება." - განაცხადა დავით ქაცარავამ 7 მარტს.

იმავე დღეს, სამხარეო პოლიციის გამომძიებლებმა ელდარ გუნდიშვილი პოლიციაში დაიბარეს. გუნდიშვილის ხელმეორედ დაკითხვის საფუძველი სწორედ ანტისაოკუპაციო მოძრაობა ,,ძალა ერთობაშიას" ლიდერის დავით ქაცარავას განცხადება გახდა.

პოლიციის შენობიდან დაკითხვის შემდეგ გამოსულმა გუნდიშვილმა ცემის ფაქტი კვლავ უარყო, თუმცა აღნიშნა, რომ ახლა აღარაფერი სტკივა:

,,ცემა არ ყოფილა. უბრალოდ ვიჭიდავეთ. როცა გავუძალიანდი და წავიქეცი, მაშინ ვიტკინე ცოტა. რაფერი დაჟეჟილობა მქონდა. ეხლა აღარაფერი მტკივა." - განაცხადა ელდარ გუნდიშვილმა.

ელდარ გუნდიშვილი 28 თებერვალს საღამოს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურმა ერგნეთში საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენლებს გადასცა.  სამხარეო პოლიციის შენობა ისე დატოვა, რომ ცემის შესახებ, ჟურნალისტებთან არაფერი უთქვამს.

,,ტყეში წავედი, ერთი ღერი შეშა წამოვიღე. თანდათან, გზაში ვკრეფდი ასკილს. ერთი სამი კილო რომ მოვკრიფე, თან გართული ვიყავი, წამომეპარნენ რუსები, ავტომატებით შეიარაღებულები. გამოქცევა კი დავაპირე, მაგრამ მერე დავიწყეთ ჭიდაობა, ვიბღლაძუნავეთ კარგა ხანი, მერე დამიჭირეს და წამიყვანეს. გადამიყვანეს არცევის ბაზაზე და იქ დამკითხეს, მერე ცხინვალში. ვუთხარი რაც იყო, მე არ გადამიკვეთია, იმათი ბანერი სადაცაა, არ გადავსულვარ, აქეთ ვიყავი. ჯარიმა არ ვიცი ვინ გადაიხადა. დაკავების დროს რაღაცეები გაისროლეს,” - ეს არის ელდარ გუნდიშვილის პირველი კომენარი, რომელიც 28 თებერვალს ჟურნალისტებთან გააკეთა.


იხ. ამავე თემაზე:


ცხინვალიდან გათავისუფლებულ ელდარ გუნდიშვილს სხეულზე სისხლჩაქცევები აღენიშნება
Print

სტატიის გამოყენების პირობები