ახალი ამბები
გორში იტალიიდან ჩამოსულ ქალს ფიზიკური შეურაცხყოფით ემუქრებიან
დღეს საღამოს სოციალურ ქსელში გორელ ქალბატონს, რომელიც იტალიიდან ჩამოვიდა და გორის ქუჩებში დაინახეს, ფიზიკური შეურაცხყოფით ემუქრებიან.

ერთ-ერთი პროფილის ავტორი აპროტესტებს, რომ იტალიიდან ჩამოსული ქალბატონი ქუჩაში თავისუფლად დადის. კომენტარებში პიროვნება იდენტიფიცირებულია, სახელი და გვარი მითითებულია.

საქმე იმაშია, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით, საქართველოში დაინფიცირებულ პირთა უმრავლესობა იტალიიდან ჩამოვიდა.

5 მარტს იტალიაში საქართველოს საელჩომ გაავრცელა შემდეგი შინაარსის განცხადება: შექმნილი მდგომარეობის გამო, რომელიც დაკავშირებულია კორონა ვირუსის მზარდ გავრცელებასთან, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს დაემორჩილონ ადგილობრივი მთავრობის მითითებებს და რეკომენდაციებს. ვირუსის სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში დაუკავშირდით საქართველოს საელჩოს ქ. რომში.

7 მარტს იტალიაში დაიკეტა მთლიანი ლომბარდიის რეგიონი და 11 პროვინცია. აკრძალულია შესვლა-გასვლა. 8 მარტიდან იტალიაში აიკრძალა ქორწინების, დაკრძალვის და ნათლობის ცერემონიები





qartli.ge დაუკავშირდა გორის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს, მარინა გიუნაშვილს. მას ვაცნობეთ ამ ქალბატონის შესახებ, რადგან მის იზოლაციას სოციალურ ქსელში ითხოვენ:

,,აღნიშნული ქალბატონი არ არის იმ სიაში, რომელიც დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა მოგვაწოდა და შესაბამისად ვერ იქნებოდა კარანტინში. სიაში დასახელებული პირები ვალდებულები არიან იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში და არ ჰქონდეთ კომუნიკაცია ქალთან. ამ ქალბატონთან მიმართებაში ეს წესი არ ვრცელდება" - აცხადებს მარინა გიუნაშვილი.

მოქალაქეები ითხოვენ, რომ იტალიიდან ჩამოსულმა მოქალაქეებმა თავი შეიკავენ საზოგადოებასთან ურთიერთობისგან.







Print

სტატიის გამოყენების პირობები