ახალი ამბები
,,სახლში უნდა დავსხდეთ" - მეყვავილე გორიდან


ლენა შოშიაშვილი 33 წელია მეყვავილედ მუშაობს. ძალიან ცოტა შემთხვევა ახსოვს, როდესაც იძულებული გახდა მუშაობა შეეწყვიტა. ფაქტობრივად, აგვისტოს ომის შემდეგ, ასეთ სიტუაციაში არ აღმოჩენილა:

,,უნდა გავიჭირვოთ და აუცილებლად უნდა ვიყოთ სახლში. აგერ რა ხდება საზღვარგარეთ, ხალხი იხოცება. ისედაც ცოტანიღა დავრჩით, ჩვენ კიდევ ამოწყვეტაღა გვინდა?!" - ამბობს ლენა შოშიაშვილი.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოში ყველა სავაჭრო ობიექტი დაიკეტა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა. გორის ბაზარში გარემოვაჭრეთა დახლები უკვე ცარიელია.





ამ მდგომარეობაში 73-წლის ლენა შოშიაშვილიც აღმოჩნდა. ჩვენ მას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პირველივე დღესვე ვესაუბრეთ. ის მორჩენილი ყვავილებით სახლში წავიდა, სადაც გოგოსთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. საცხოვრებელი ბინა ქირით აქვს აღებული. პენსიას იღებს, ცოტაოდენი თანხა აქვს, თუმცა ქირის თანხას ვერ გადაიხდის. კომუნალურები დაფარა ამ თანხით.

ლენა შოშიაშვილი - მეყვავილე: ,,მომხრე ვარ შვილო, უნდა სახლშინ დავრჩეთ, იმიტომ რომ ესე საშინელებაა, აგერ რა ამბავში არიან საზღვარგარეთ ამოდენა ხალხი იხოცება. ჩვენ დახოცვაღა გვინდა? გაწყვეტაღა გვინდა? ერთი მუჭა ერი ვართ. უნდა დავსხდეთ სახლში ნამდვილად. თაიგულებს ვაკეთებ, კიბანებს ვაკეთებ. მწვანეც (ყვავილი) მომაქვს ხოლმე თუ გამიჭირდება. მივდივარ, გორიჯვრელი ვარ წარმოშობით, წარმოიდგინე ამ ხნის ქალი ვარ
და მინდორში დავდივარ ყვავილის მოსატანად. არა და გაყიდვაც მიჭირს, მოხუცი ვარ. რაც არეულობა დაიწყო, აქ ვმუშაობ. კვირაში 2-3 დღე გამოვდივარ. პურის ფულს ვშოულობ. დახმარება მქონდა, სოციალურად დაუცველი ვარ, სახლი არ მაქვს, არაფერი საკუთრება არ მაქვს. არც სოფელი, არც ქალაქი. მპირდებიან მოგცემთო ბინას, მაგრამ არ მომცეს. სოციალური მომიხსნეს, გაზი გაქვს ბევრი დამწვარიო. სიცივეში როგორ დავტოვო? ორ-ორო პატარა ბავშვი გვყვავს სახლში. მე და ჩემი გოგო ვართ, ოთხნი ვართ. მე, ჩემი გოგო და ბავშვები. ქირით ვართ, 200 ლარს ვიხდით, წინა თვისაც გადასახდელი მაქვს ისრაელში არიან პატრონები და ძალიან ძვირფასი ხალხი არიან. თუ არ გამომართვეს კარგი იქნება, თუ ეს თვე მაპატიეს მაინც."


Print

სტატიის გამოყენების პირობები