ახალი ამბები
გორის მერი: ,,ხელი არ უნდა მომეწერა, თუმცა კანონი არ დამირღვევია"
03.07.2015 სატენდერო კომისიის სხდომის იმ ოქმზე, რომლის მიხედვით კომპანია ,,ვერელი +"-ის შეთავაზებული წინადადება განიხილეს და კომპანიას 5 გვერდიანი შენიშვნა დაუწერეს, სატენდერო კომისიის თავმჯდომარის სახელით ხელი გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა მოაწერა.

,,ვერელი +"-ის დირექტორი როსტომ მიხანაშვილი და გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი სიძე-მოყვარეები არიან. აღნიშნულმა ფაქტმა ,,ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ლიდერის კახა ტოლიაშვილის ყურადღება მიიქცია. ევროპიდან დაბრუნებულმა მერმა Qartli.ge-სთან განმარტება გააკეთა.

,,15 ივნისის სატენდერო კომისიის სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად, კომპანია ,,ვერელი+"-ის წინადადებებიც განვიხილეთ, რომელიც წმინდაწყლის დასახლებაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას ეხებოდა. აღნიშნულ სხდომაზე არ მომხდარა ,,ვერელი +"-ის გამარჯვებულად გამოცხადდების საკითხის განხილვა. ჩვენი სპეციალისტების მეშვეობით შევადგინეთ ოთხგვერდიანი ოქმი, სადაც აღნიშნული კომპანიის შეთავაზებული წინადადებების შესახებ შენიშვნები დავწერეთ. ეს ისეთი შენიშვნები იყო, რომლის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, კომპანია ვერაფრით გაიმარჯვებდა ტენდერში. ამ შენიშვნებს სწორედ მე მოვაწერე ხელი. შეიძლება ხელი არ უნდა მომეწერა, მაგრამ კანონი არ დამირღვევია, რადგან აღნიშნულ სხდომაზე არ მომხდარა გამარჯვებულის გამოვლენა. შესაბამისად, არც ინტერესთა კონფლიქტს ჰქონდა ადგილი" - აცხადებს ზურაბ ჯირკველიშვილი.

საქმე იმაშია, რომ 2015 წლის 1 ივნისს ქალაქ გორის მერიამ გამოაცხადა ტენდერი, ქ გორში ქუჩების ასფალტის საფარის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, კერძოდ, შევჩენკოს, ლეონიძის ქუჩების და თამარ მეფის ქუჩის მონაკვეთის რეაბილიტაციაზე, ღირებულებით არაუმეტეს 438 461 ლარი; ხოლო მაჩაბლის ქუჩის და ჩიხის, გალუსტაშვილისა და აღმაშენებლის ქუჩების რეაბილიტაციაზე, ღირებულებით არა უმეტეს -336 997 ლარი. ჯამში 775 458 ლარზე.

წინადადებების მიღება დაიწყო 1 ივნისს და დამთავრდა 15 ივნისს/

15 ივნისის სხდომაზე აღმოჩნდა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებაზე წინადადება მხოლოდ კომპანია ,,ვერელი +"-მა წარადგინა. სატენდერო კომისიამ წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა კომპანია ,,ვერელი +"-ს დაუწუნა, რადგან მთელ რიგ პუნქტებში სამშენებლო კომპანიას არასწორად ჰქონდა მითითებული ხარჯთაღრიცხვის მონაცემები, ხშირ შემთხვევაში გაბერილი. სატენდერო კომისიის დასკვნის საფუძველზე იმავე დღეს გორის მერმა თავის ნათესავს მისწერა, რომ 3 დღის ვადაში დაზუსტებული მონაცემები წარადგინოს.

დაზუსტებული მონაცემების წარდგენის ვადა ,,ვერელი +"-ს 18 ივნისის საღამოს 6 საათამდე ჰქონდა. აღნიშნულ ვადაში კომპანიამ შენიშვნები ვერ წარადგინა და, შესაბამისად, სატენდერო კომისია ამ ვადის გასვლის შემდეგ ხელახლა შეიკრიბა.

 

ერთ-ერთი დავალება, რაც გორის მერმა ,,ვერელი +"-ს მისცა, იყო ის, რომ კომპანიას, 2012 წლის პირველი იანვრიდან დღემდე შესრულებულ 500 000 ლარიან სამუშაოებთან დაკავშირებით, შესაბამისი დადებითი რეკომენდაციები უნდა წარედგინა. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა ჯერ კიდევ ექსკლუზიურად 2014 წლის 7 აპრილს მოამზადა მასალა, სადაც ნათლად ჩანს, რომ კომპანიამ უხარისხოდ შეასრულა ასფალტის სამუშაოები ახალი ბაზრის მიმდებარედ. ეს იმ დროს, როდესაც მაშინდელმა მუნიციპალიტეტის გამგეობამ სამუშაოები 2014 წლის 31 მარტს ჩაიბარა.

2015 წლის 18 ივნისს კომპანიას დავალებები ვერ შეასრულა, ხარვეზები არ გამოასწორა და, შესაბამისად, ვერც გაიმარჯვა.

18 ივნისს სატენდერო კომისიის სხდომას ზურაბ ჯირკველიშვილი არ ესწრებოდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები