ახალი ამბები
გუბერნატორი: ,,მივხედავთ, ქალბატონო, ვინც გაგაბრაზათ"

 

ქევსერ სამადალაშვილი ,,ეროვნული ფორუმის" წევრია. შეხვედრის დაწყებამდე ის გუბერნატორს ესაუბრა. გუბერნატორმა, სამადალაშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, აღნიშნა, რომ პრეზენტაციის დამთავრებისთანავე მას შეპირებულ შეხვედრას მოუწყობდა. ის, რაც გუბერნატორს გუშინ უამბო, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა 2015 წლის მაისში მოისმინა და ჩაწერა.

 

კერძოდ, საქმე იმაშია, რომ ქევსერ სამადალაშვილი 2013 წელს, გორის მაჟორიტარი დეპუტატის, სოსო ვახტანგაშვილის დახმარებით, გორის მუნიციპალიტეტის ,,კეთილმოწყობის სამსახურში" კანცელარიის სპეციალისტად დაინიშნა. თითქმის ერთწლიანი მუშაობის შემდეგ ის სამსახურიდან დაითხოვეს და ხელფასის ცნობაც არ მისცეს. უფრო მეტიც, ,,კეთილმოწყობის სამსახურის" წარმომადგენლებმა ხელშეკრულების ასლი,  გათავისუფლებიდან 3 თვის დაგვიანებით, მიაწოდეს, სადაც ერთი მხარის ხელმოწერა არ ჩანს. ქევსერ სამადალაშვილს ეჭვი აქვს, რომ ფინანსური მონაცემების გაუმართაობის გამო, მისი დოკუმენტაციის გაცემა არ სურთ.  

 

ქევსერ სამადალაშვილს 2015 წლის მაისში, გორის რაიონის საკრებულოს წევრთან, სოფელ ხიდისთავის მაჟორიტარ წარმომადგენელთან ლია კოვზიაშვილთან შევხვდით. საკუთარი გულისტკივილი კამერის წინ მაშინ გამოხატა. მისი თქმით, ნაწყენია თანაგუნდელებზე, მათ შორის მაჟორიტარ დეპუტატ სოსო ვახტანგაშვილზე, რომელმაც ,,კეთილმოწყობის სამსახურიდან" მისი გაშვება დაუშვა.

 

ქევსერ სამადალაშვილი გორის მუნიციპალიტეტის ,,კეთილმოწყობის სამსახურში" 2013 წლის პირველი მაისიდან 2014 წლის მაისამდე მუშაობდა. 2014 წლის ივნისის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, გორის მუნიციპალიტეტი ორად გაიყო - ქალაქის მერიად და გორის თვითმმართველ თემად. ამ უკანასკნელში სოფლები შევიდა. ორივე უწყებამ საკუთარი ,,კეთილმოწყობის სამსახური" შექმნა. ქევსერ სამადალაშვილი კი აღარც ერთ უწყებაში მიიღეს.

 

ამის შემდეგ, საკუთარი ძალები კულტურის დაწესებულებებში სცადა. კულტურის სამსახურის უფროსი არსენ აზალაძე მისი კანდიდატურით დაინტერესდა. აზალაძემ იგი სოფელ ხიდისთავის სასოფლო კლუბში სპეციალისტის თანამდებობაზე მოიაზრა. თუმცა, არც აქ გამოჩნდა ქევსერ სამადალაშვილის ადგილი. ქალბატონი რაიონის გამგეობაში საერთოდ მიუღებელი კანდიდატი აღმოჩნდა დღემდე.

 

,,აზალაძეს ვიცი, რომ ნამდვილად უნდოდა ჩემი დასაქმება, თუმცა დავით ონიაშვილმა არ მოისურვა" - აღნიშნა ქევსერ სამადალაშვილმა ჩვენთან საუბარში. დავით ონიაშვილი ამჟამად რაიონის გამგებელია, ხოლო არსენ აზალაძე და დავით ონიაშვილი - მეჯვარეები.

 

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ქევსერ სამადალაშვილი თანაგუნდელებმა დღესაც იმიტომ ჰყავთ მიტოვებული, რომ მისი მხრიდან არ მოეწონათ ფინანსებთან დაკავშირებით ოფიციალური პირადი დოკუმენტების გამოთხოვა. 2015 წლის დასაწყისში ხომ საგამოძიებო უწყებებმა ,,კეთილმოწყობის სამსახურის" არაგეგმიური შემოწმება და გამოძიება დაიწყეს, რა დროსაც დასუფთავების მენეჯერი დააკავეს.

 

,,გამწარებული ვარ რაიონის გამგეობისგან. წელიწადნახევარია მაწამებენ. თქვენი მადლობელი ვარ, მხოლოდ, თქვენ მომისმინეთ და მიიტანეთ გულთან ჩემი ამბავი" - უთხრა ქევსერ სამადალაშვილმა შიდა ქართლის გუბერნატორს.

 

რაც შეეხება იმ შეხვედრას, სადაც ქევსერ სამადალაშვილი სიტყვით გამოვიდა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს იყო ,,აწარმოე საქართველოს" ფარგლებში მცირე და მიკრო ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის პრეზენტაცია.

 

,,ეს ყველაფერი კარგია რაც პრეზენტაციაზე თქვით, მაგრამ შემოდგომაზე დაფინანსებული სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული პროექტები რა შედეგს მიიღებს? ამჟამად სოფელში ვცხოვრობ, მარტოხელა ვარ. სოციალური დახმარებაც არ მაქვს. გაზაფხულზე რაც მოვხანი, ვერაფერში გამოვიყენე" - განაცხადა ქევსერ სამადალაშვილმა  პრეზენტაციაზე.

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ,,მეწარმეობის განვითარების სააგენტოს" ხელმძღვანელის ირაკლი ანთიას განცხადებით, პროექტების დაფინანსება სეზონურ ფაქტორებს ითვალისწინებს. რაც შეეხება შიდა ქართლის გუბერნატორის ზურაბ რუსიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ მიხედავს მათ ვინც ქევსერ სამადალაშვილი გააბრაზა, ამის შესახებ ინფორმაციას მომავალშიც მოვიძიებთ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები