ახალი ამბები
გივი დვალიშვილი და ლეილა დუდაევი დვალიანთკარიდან - ცხინვალის რაიონი
ოფელს ბახთულანის მთა ზემოდან დაჰყურებს. ამ მთით მეჯუდის ხეობიდან ქსნის ხეობაშია ერთ-ერთი გადასასვლელი. დამრეცი ფერდობის გამო ცხენები ფეხს ვერ იკიდებდნენ და გორდებოდნენ.

ამიტომ, ამ მთას ცხენების დასაგორებელი, ოსურად - ,,ბახთულანი" უწოდეს.



ფოტოზე:
დვალიანთკარი - მდინარე მეჯუდის ხეობა, ცხინვალის რაიონი

გივი დვალიშვილი და ლეილა დუდაევა ამ მთის წვერს 10 წელია ყოველდღე უყურებენ. მათი ოჯახი ერთადერთია, რომელიც დვალიანთკარში დღემდე ცხოვრობს. ჰყავთ 3 შვილი, ვაჟები ცხინვალის რაიონის სოფელ ზემო არცევში ცხოვრობენ, ქალიშვილი კი რუსეთში.

გივის და ლეილას ვიდრე შვილები პატარები ჰყავდათ, ზემო არცევში უწევდათ ცხოვრება, რადგან სკოლა მხოლოდ იქ იყო. 1990-იან წლების დასაწყისში, ქართულ-ოსური კონფლიქტი გაჩაღდა. ზემო არცევი შერეული სოფელი იყო. პირველ კონფლიქტს შეეწირა გივის ძმა.



ფოტოზე: გივი დვალიშვილი და მისი სტუმრები, მოლაშქრეები

2008 წლის აგვისტოს ომამდე ზემო არცევის მოსახლეობა ახერხებდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშში თავისუფლად გადასვლას, თუმცა ამ ომის შემდეგ გამყოფი ხაზი სრულად ჩაიკეტა.
ამ ოჯახის შესახებ qartli.ge-ს 18-წლის გიორგი ელიაურმა მოუყვა, რომელიც წარმოშობით იმ სოფლიდანაა, რომელიც დვალიანთკარიდან სულ რაღაც 5-6 კმ აშორებს. გიორგის ბებია და პაპაც

ეს ის სოფლებია, რომელიც მდინარე მეჯუდის ხეობის ზემო წელში მდებარეობს. მეჯუდა სათავეს ძირისის მწვერვალიდან იღებს.

ფოტოზე: ლეილა დუდაევი, გივის მეუღლე

,,დღეს მხოლოდ ერთი კომლი ცხოვრობს - გივი დვალიშვილის და ლეილა დუდაევას ოჯახი. ზამთარ-ზაფხულ მისდევენ მესაქონლეობას, მეფუტკრეობას, შეძლებისდაგვარად მოჰყავთ ბოსტნეული (კარტოფილი, ხახვი, ნიორი...). სოფელში არ არის შუქი, დაზიანებულია სამანქანო გზაც, საცხოვრებელი სახლები ნგრევის პირასაა, მაგრამ ამ რთული პირობებისდა მიუხედავად, გივი და ლეილა მაინც არ აპირებენ სოფლის მიტოვებას."- ამბობს გიორგი.

საბჭოთა პერიოდში სოფელში 40-მდე კომლი ცხოვრობდა. იყო ელექტრო ენერგიაც (1990-იან წლებამდე) სოფლის დაცლა საბჭოთა პერიოდიდანვე დაიწყო - მკაცრი პირობების გამო მოსახლეობის დიდი ნაწილი ბარში გადასახლდა.

გიორგი გვიყვება, თუ რა მკაცრი პირობებია იმ ხეობაში, საიდანაც წარმოშობითაა. განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, როდესაც ხეობაში მცხოვრებ ადამიანებს ფაქტობრივად გარეულ ცხოველებთან ერთად უწევთ ცხოვრება:



ფოტოზე: მამა-შვილი დვალიშვილები

,,მგელი და დათვი ჩვეულებრივი მოვლენაა. ისინი სახლების ეზოებშიც კი შედიან. დათვიც ბევრჯერ უნახავთ ჩამოსული" - ამბობს გიორგი.

რაც შეეხება დვალიშვილების ოჯახს: ,,ლეილაც ჩვენი ხეობელია, ბიყრელი. ხეობაში ყველა ერთმანეთს იცნობს და გივი და ლეილაც ბავშვობიდანვე სცნობდნენ ერთმანეთს. მართალია მთაში ცხოვრება ადვილი არ არის, მაგრამ შრომისმოყვარეობით და სიყვარულით, ყველანაირი სიძნელის გადალახვა შეიძლება. ჩვენს ხეობაში საბჭოთა პერიოდშიც და მის შემდეგაც ქართველებსა და ოსებს შორის - ნათესაური და მეზობლური ურთიერთობა არ დარღვეულა." - გვეუბნება გიორგი ელიაური.
დრო და დრო დვალიანთკარიც დაიცალა და უკვე 10 წელზე მეტი იქნება, რაც გივი და ლეილა მარტო ცხოვრობენ.

,,უახლოესი მეზობელი კილომეტრში მცხოვრები - არდისელი კოლა ხუბულოვია და ისიც მარტო, მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. სოფელში მდებარეობს შუა საუკუნეების დროინდელი ე.წ. სამღვთოს ეკლესია, ასევე ტერჟვნის ციხე და წმ. გიორგის სახელობის სალოცავი. დაარსებიდანვე დასახლებულია რა თქმა უნდა - დვალიშვილებით." - ასრულებს თავის მორიგ ამბავს გიორგი ელიაური მეჯუდის ხეობის სოფლების შესახებ.






იხ. ამავე თემაზე:


გიორგი ელიაური გორში, ბებია და პაპა - ცხინვალის რაიონში


ყაზბეგ ციცაგი და ვერო გინტური სოფელ ისროლიდან - ცხინვალის რაიონი
Print

სტატიის გამოყენების პირობები