ვიდრე კითხვები გაჩნდებოდა, მანამდე ადგილობრივ მოსახლეობას პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრა შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა გახსნა, რის შემდეგაც პროგრამის შესახებ დეტალურად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა ისაუბრა.
შერჩეული ბიზნეს იდეის განხორციელებაში ჩართული ერთი მეწარმე მიიღებს – 5 000 ლარს, მეწარმეთა ორკაციანი ჯგუფის შემთხვევაში 10 000 ლარს, ხოლო სამკაციანი ჯგუფის არსებობის შემთხვევაში კი 15 000 ლარს თანადაფინანსებას. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თითოეული მეწარმის თანადაფინანსების წილი პროექტის განხორციელებაში შეადგენს დაფინანსებული თანხის არანაკლებ 20%–ს. გარდა ამისა, მეწარმეები უსასყიდლოდ მიიღებენ ინდივიდუალურ და ჯგუფურ კონსულტაციას, გაივლიან ბიზნეს გეგმის შედგენისა და ბიზნესის ადმინისტრირების ტრენინგს. პროგრამის განსახორციელებლად ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო 20 000 000 ლარი, ფინანსური მხარდაჭერის ხანგრძლივობის ვადად 26 თვე, ხოლო განაცხადების შევსების პირველი ეტაპის ბოლო ვადად 03 აგვისტო განისაზღვრა.
შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ გუბერნატორის მოადგილეები, მუნიციპალიტეტის გამგებლები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები და თბილისის ბიზნეს ცენტრის წარმომადგენელი, რომელიც რეგიონში უზრუნველყოფს შესაბამისი კონსულტაციების განხორციელებას.
სტატიის გამოყენების პირობები