ახალი ამბები
გორში საკათედრო ტაძრის შესასვლელი და გალავანი სადეზინფექციო ხსნარით დაამუშავეს
სპეციალური ტექნიკა, რომელიც გუშინ საღამოს შიდა ქართლში გამოგზავნეს, 4 ქალაქის ცენტრალურ ქუჩებს მოემსახურა. სადეზინფექციო ხსნარი კასპის, გორის, ქარელისა და ხაშურის ცენტრალურ ქუჩებზე მოასხეს.

ქალაქ გორში სადეზინფექციო ძირითადად სტალინისა და ჭავჭავაძის გამზირებზე გამოიყენეს. საგულისხმოა, რომ გვიან ღამით სპეცქტექნიკამ გორის საკათედრო ტაძრის შესასვლელი და გალავანი სადეზინფექციო ხსნარით დაამუშავა.

მანქანები იაკობ გოგებაშვილის ქუჩის მიმართულებით აღარ წასულან და სტალინის ქუჩისკენ უკან დაბრუნდნენ.

მერიის პრეს-სამსახურში აცხადებენ, რომ პრევენციული ღონისძიებები კორონავირუსს უკავშირდება.

,,სპეციალური ხსნარებით მოირეცხა გორის ქუჩები და გორის მუნიციპალიტეტის სოფლების ცენტრალური გზები. სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც. გორის მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად ხორციელდება, როგორც ქუჩების, ასევე სკვერების, გასართობი სივრცეების, მიწისქვეშა გადასასვლელებისა და ადმინისტრაციული შენობების დეზინფექცია. სამუშაოები გორის მერიისა და გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპის "კეთილმოწყობის სააგენტოს" მიერ ხორციელდება." - აცხადებენ მერიაში.

აღდგომის მოახლოებასთან ერთად ეკლესიებში ხალხთა რაოდენობის ზრდას ელოდებიან, ამიტომ, მეუფე ანდრიამ საკუთარ მრევლს მოუწოდა, რომ გაითვალისწინონ ექიმების რეკომენდაციები და სახლიდან ილოცონ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები