ახალი ამბები
,,წარმატებული ქალი სხვა ქალის მტერია" - დისკუსია გორში

 

თავდაპირველად, შეხვედრის მონაწილეები თუკი ყველაფერს მამაკაცებს აბრალებდნენ, შემაჯამებელ სიტყვაში, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ფატი ბუხრიკიძემ აღნიშნა, რომ გენდერისტები ბოლო ხანებში ,,ტროლეიბუსის სინდრომზე" ამახვილებენ ყურადღებას.

 

,,ეს ცნობილი სინდრომია, სადაც შენ ახვალ და სხვა დარჩება. ასეა წარმატებული ქალის შემთხვევაში. გენდერისტები ბოლოს მიხვდნენ, რომ ქალის ყველაზე დიდი მტერი ისევ წარმატებული  ქალია" - აღნიშნა ფატი ბუხრიკიძემ.

 

შეხვედრის დასაწყისში მონაწილეებმა ის გარემოებები დაასახელეს, რომელიც ქალთა წინსვლისთვის ხელისშემშლელი ან/და ხელშემწყობია. 

 

ხელისშემშლელ გარემოებებში აღსანიშნავია: პარტიები არ წარადგენენ ქალ კანდიდატებს. ეს თემა პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების" წევრმა თამარ თედლიაშვილმა წამოწია. ის ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მაჟორიტარული სიით, კოალიცია ,,ქართული ოცნების" მხარდაჭერით გავიდა.

 

ასევე აღინიშნა, რომ ქალებს არა აქვთ ფული; საზოგადოებაში დაბალი თვიშეგნებაა და არ არსებობს მზაობა ქალის ასარჩევად; ქალის წინსვლას ხელს ტრადიციებიც უშლის. პარტიებს შორის დიდია შიდა კონკურენცია; პარტიული კულტურა არ არსებობს და, რაც ყველაზე მთავარია, არ არსებობს ქალებს შორის სოლიდარობა.

 

დისკუსიამდე ორგანიზაცია ,,ქალი და განვითარების" სახელით ტრენერმა ანი ბალიაშვილმა კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლითაც ნათელი გახდა, რომ ბოლო, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, ყველაზე აქტიური ამომრჩეველი ქალი იყო. თუმცა ხელისუფლების სათავეში მამაკაცები არიან.

 

ასე მაგალითად, საქართველოს მასშტაბით, არჩევნებში მონაწილეობა 745 615 (50,2%) ქალმა მიიღო, ხოლო ამომრჩეველი მამაკაცის რაოდენობა - 739 757 (49.8%)-ი იყო.

 

საინტერესო სურათს გორის, ქარელის,  ხაშურისა და კასპის მაგალითები იძლევა. ყველა მუნიციპალიტეტში ქალი ამომრჩეველი ჭარბობს.

 

გორი

ქალი - 23 421

მამაკაცი - 20 908

 

ქარელი

ქალი - 9 950

მამაკაცი - 8 169

 

ხაშური

ქალი - 9701

მამაკაცი - 8 471

 

კასპი

ქალი - 9 060

მამაკაცი - 8158

 

მიუხედავად იმისა, რომ ქალების აქტიურობა შედარებით მაღალია, თვითმმართველ ქალაქებში კანდიდატებს შორის მამაკაცები ჭარბოდნენ, ხოლო შემდგომში არჩეულ გამგებლებსა და მერებს შორის, სიჭარბე კვლავ მამაკაცებში გამოიკვეთა.

 

 

ფოტოები:

1. თამარ თედლიაშვილი, საკრებულოს წევრი

2. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ფატი ბუხრიკიძე და ტრენერი ანი ბალიაშვილი

Print

სტატიის გამოყენების პირობები