ახალი ამბები
არქიმანდრიტი საბა - ,,არ ვარ დაჭრილი"
ყინწვისის კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის ეკლესიის არქიმანდრიტი საბა უარყოფს მისი დაჭრის ფაქტს და აცხადებს, რომ მედიაში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა.

ფაქტი ორი ეკლესიის წინამძღვრის დაპირისპირებას ეხება. მედიაში გავრცელებული დაუდასტურებელი ცნობის მიხედვით, ყინწვისის ღვთისმშობლის ეკლესიის წინამძღვარმა დავით აქიაშვილმა დაჭრა კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის ეკლესიის არქიმანდრიტი საბა ჟღენტი.

საქართველოს შს სამინისტროს ცნობით, ყინწვისის მონასტერში ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სმართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს.

რუისისა და ურბნისის ეპარქიის მდივანი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

არქიმანდრიტი საბა ჟღენტი კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის ეკლესიას 2016 წლიდან უდგას სათავეში. ეს ეკლესია 2016 წელს გაიხსნა. ამ ეკლესიის ბაზაზე ჩამოყალიბებულია სასულიერო-საგანმანათლებლო ცენტრი ,,საბას კოშკი".

ფოტოზე: ყინწვისის ორი მონასტერი, წინა პლანზე კეთილგონირი ავაზაკის სახელობის ეკლესია, უკანა პლანზე - ღვთისმშობლის ეკლესია



Print

სტატიის გამოყენების პირობები