ახალი ამბები
ცხინვალში 9 მაისს მეორე მსოფლიო ომის გმირის გიორგი ბერუაშვილის ბიუსტი გაიხსნება
,,სამხრეთ ოსეთში გმირები ეროვნების მიხედვით არ იყოფიან" - განაცხადა დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა.

მისი ბრძანებით, ქალაქის ცენტრალურ სკვერში საბჭოთა კავშირის გმირის, გიორგი ბერუაშვილის ბიუსტის მოწყობა ორი თვის წინ დაიწყო.

ბიუსტის მოსაწყობად მოქანდაკეები - სარმატ ზასეევი და რობერტ ხუბაევი მუშაობენ. სარმატ ზასეევმა დე-ფაქტო რესპუბლიკის ოფიციალურ მედია საშუალებას განუცხადა, რომ მუშაობა თითქმის დასრულებულია და ქანდაკება ოფიციალურად 9 მაისს გაიხსნება.

ანატოლი ბიბილოვის ბრძანებით, საბჭოთა კავშირის გმირის, გიორგი ბერუაშვილის ბიუსტი იმ გმირების გვერდით დაიდგმება, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში მაშინდელი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქიდან წავიდნენ და გმირის წოდება მიენიჭათ.

ამავე მედიის ცნობით, მემორიალური ქანდაკებები 1990-იან წლების კონფლიქტის დროს დაზიანდა. აღდგენილი იყო 7 გმირის ქანდაკება. ამჯერად, დაემატება კიდევ ერთი გმირის ბიუსტი.

ცხინვალის მერმა კი სკვერის მოწესწრიგებაზე იზრუნა, ბიუსტის გარშემო სკამებც დაიდგმება.

გიორგი ბერუაშვილი დაიბადა 1916 წელს სოფელ ერედვში. ის წითელ არმიაში 1941 წლის ივნისში გაიწვიეს.

1943 წელს მონაწილეობდა კურსკთან ბრძოლებში. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი დნეპრის გადალახვისას. თავის 6 თანამებრძოლთან ერთად 7 დღე-ღამეში უზრუნველყო ბორნით მდინარის მარჯვენბა ნაპირზე 1500 შეიარაღებული მებრძოლის გადასვლა, 20 ქვემეხის, 35 ნაღმსატყორცნის, 3 საზენიტო ტყვიამფრქვევის და 900 ყუთი საბრძოლო მასალის გადატანა, რისთვისაც საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა.

1944 წლის 14 იანვარს ჩერკასკის რაიონის სოფ. ბოსიევკასთან მტრის სატანკო იერიშის მოგერიებისას ბერუაშვილი გმირულად დაიღუპა. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, წითელი ვარსკვლავის ორდენითა და მედლებით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები