ახალი ამბები
,,წვერავას კლანი" რაიონის გამგეობაში

 

შეცდომებით იყო სავსე გორის მერისა და მისი ნათესავების სქემა. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა რაიონის გამგებლის დავით ონიაშვილისა და მისი მოადგილის, გია წვერავას სანათესაო კლანის შესახებ არსებული მონაცემებიც გადაამოწმა. 

 

მაგალითად, რაიონის გამგებლის მოადგილის სქემაში, რომელიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ირმა ნადირაშვილმა გაახმოვანა, მოხსენიებულია რაიონის გამგეობის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი ნანა ტერმაკოზაშვილი და მისი ძმა, შალვა ტერმაკოზაშვილი. სქემის მიხედვით, ისინი გია წვერავას ნათესავები არიან.

 

ნანა ტერმაკოზაშვილი ამბობს, რომ მისი ოჯახის ახლობელი უფრო მეტად კახა ტოლიაშვილია, ვიდრე გია წვერავა:

 

,,კახა ტოლიაშვილის ძმა, ბექა ტოლიაშვილი არის ჩემი კურსელი. ძმები ხშირად მოდიოდნენ ჩვენ ოჯახში, დაბადების დღეზე, დღეობებზე და ა.შ. მაინტერესებს, სად ნახა ტოლიაშვილმა გია წვერავა სანათესაოში" - ამბობს ნანა ტერმაკოზაშვილი. მისი თქმით, გია წვერავა იმ დროს გაიცნო, როდესაც ეს უკანასკნელი რაიონის გამგეობაში დასაქმდა.

 

გია წვერავა რაიონის გამგეობის ჯერ ადმინისტრაციის უფროსად და, შემდეგ, გამგებლის მოადგილედ 2014 წლიდან დაინიშნა. ის ჯერ თიბისი ბანკის საკრედიტო განყოფილებაში მუშაობდა, მანამდე კი - კონტროლის პალატაში. წვერავამ კახა ტოლიაშვილისგან გაიგო, რომ ახალი ნათესავები ჰყავს. 

 

რაც შეეხება რაიონის გამგებელს, დავით ონიაშვილს, მის სქემაში ყველაზე ხმამაღლა არსენ აზალაძე ,,ჟღერს". აზალაძე დავით ონიაშვილის მეჯვარეა და კულტურის სამსახურის უფროსად მუშაობს. ეს არის ის სამსახური, რომელიც უშუალოდ დავით ონიაშვილს ექვემდებარება. ონიაშვილის თქმით, კანონი მეჯვარის დანიშვნას არ კრძალავს.

 

,,აზალაძის დამსახურებაა ის, რომ დღეს რაიონში კულტურა ყვავის, სპორტი ყვავის" აცხადებს დავით ონიაშვილი.

 

მართლაც, ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობის ყოფნის პერიოდში, ანსამბლი ,,გორი", რომლის სოლისტი არსენ აზალაძე იყო, ,,ნაციონალური მოძრაობის" მიერ გამართული ღონისძიებების მთავარი ,,სოლისტი" იყო. ეს ის დროა, როდესაც კახა ტოლიაშვილი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციის უფროსად მუშაობდა.

 

მთავარ ფოტოზე: ,,ანტიკორუფციული საბჭოს" თავმჯდომარე კახა ტოლიაშვილი.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები