ახალი ამბები
გორსა და ხაშურში სიმინდის ახალ ჯიშებს გამოცდიან
გორსა და ხაშურის ტერიტორიაზე სიმინდის ინტროდიცირებულ (შემოტანილ) ჯიშებს გამოსცდიან. პროცესი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში და ხაშურში, ყოფილი სატყეოს ტერიტორიაზე, განხორციელდება.

ტერიტორიები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევის ცენტრის სარგებლობშია. აქ ყოველწლიურად, ნიადაგურ-კლიმატური პირობების შესაბამისად, მეთესლეობის, მეცხოველეობის საკვები კულტურებისა და მებოსტნეობა-მებაღჩეობის კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები მაღალი კატეგორიის თესლისა და სარგავი მასალის მიღებას ემსახურება.

კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ინტროდიცირებული (უცხოური) ჯიშების გამოცდა და გენეტიკური რესურსების მოვლა-შენახვა და გავრცელება, ფერმერთა პრაქტიკული ექსტენციის მიზნებს ემსახურება.

2020 წელს სოფელ შინდისში ინტროდიცირებული ჯიშის სიმინდი 1.20 ჰა-ზე დაითესება, ხოლო ხაშურის ყოფილი სატყეოს ტერიტორიაზე - 0,6 ჰა-ზე. აღსანიშნავია, რომ ამავე კვლევითი ცენტრის ცნობით, ხაშურის სატყეო მეურნეობის ტერიტორიაზე ხორბლის ჯიშების გამოცდა 9 ჰა-მდე მიმდინარეობს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები