ახალი ამბები
ქეთევან ციხელაშვილი ახალგორელი მამაკაცის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება
ახალგორელი, 63-წლის მამაკაცი, რომელიც გზაში გარდაიცვალა, ცხინვალის საავადმყოფოში 5 დღე მკურნალობდა. ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და თანასწორობის სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ავრცელებს.

მინისტრის განცხადებით, 5 დღის განმავლობაში მოლაპარაკება მიმდინარეობდა იმისათვის, რომ პაციენტი დროულად გადაყვანილიყო საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე.

"ძალიან სამწუხაროა და პირველ რიგში გამოვხატავ ჩემს თანაგრძნობას ჯუმბერ მილაძის ოჯახის წევრების მიმართ, ახალგორელი 63 წლის მამაკაცის, რომელიც გუშინ ოკუპირებული ტერიტორიიდან წითელი ჯვრის მეშვეობით იქნა გადმოყვანილი და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ახლა მიმდინარეობს ექსპერტიზა, თუმცა როგორც ჩემთვის არის ცნობილი მამაკაცს ჰქონდა ინსულტი, რამდენიმე დღის წინ ახალგორის საავადმყოფოდან ის გადაიყვანეს ცხინვალში, რაც მოგეხსენებათ უკავშირდება საკმაოდ რთულ სერპანტინებს მაღალ მთაში, რაც თავისთავად უკუჩვენებას იწვევს ასეთ პაციენტებში" - აღნიშნავს მინისტრი.

მისი განმარტებით, რამდენიმე დღის განმავლობაში ოჯახი ცდილობდა ცხინვალის საავადმყოფოდან პაციენტი გადმოეყვანა საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე, რაც არ მოხერხდა:

,,რეალურად დაგვიანდა და ცხადია, ამან ძალიან დაამძიმა პაციენტის მდგომარეობა. საუბედუროდ ეს არის მორიგი მსხვერპლი იმ ძალიან არაადამიანური და ამავდროულად სრულიად არალეგარული შეზღუდვებისა, რომელიც აქვს მოსახლეობას ცხინვალის რეგიონში იზოლაციის პირობებში. არ უნდა ფერხდებოდეს ასეთ გადაუდებელ სამედიცინო საჭიროებაზე მაინც გადაადგილება, მით უფრო მოგეხსენებათ, რომ ახალგორელებს ექმნებათ ძირითადად ეს პრობლემა, რაც არის აბსოლუტურად, კატეგორიულად მიუღებელი, ატარებს ეთნიკურ ნიშანსაც და ეს კიდევ უფრო ამძიმებს აი ამ მოქმედებებს, რასაც ახორციელებს რეჟიმი" - აღნიშნავს მინისტრი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები