,,ჩემი ძმა არ აპირებდა წამოსვლას, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, შაბათს დაწერა განცხადება და წამოვიდა. ამჟამად, თავისი გეგმები აქვს" - გვითხრა მან. თავდაპირველად ძმას, ჟურნალისტის დანახვაზე, დასაქმების მსურველი მოქალაქის სტუმრობა ეგონა: ,,ტყუილად მოხვედით, გიორგი აღარ მუშაობს"
ვიცე-გუბერნატორის პოსტიდან წასვლის შესახებ, ინფორმაცია, ჯერ კიდევ, ორი თვის წინ გახდა ცნობილი. ,,ამ ხმებს ბოროტი ადამიანები მივრცელებენ. არსად წასვლას ვაპირებ, თუ რამე მოხდება, პირველი თქვენ გაგაგებინებთ" - შეგვპირდა მაშინ გიორგი თოთლაძე, უშედეგოდ.
ის, 2013 წლის დეკემბერში, გუბერნატორად მოიაზრებოდა და მშობლიურ ქარელის რაიონში ზეიმობდნენ კიდეც. ფაქტობრივად, გადაწყვეტილი საკითხი 2014 წლის იანვარში შეიცვალა. 2013 წლის დეკემბერში შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გამოაქვეყნა ინფორმაცია თოთლაძისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური დეპარტამენტის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის მიხეილ კანდელაკის ნათესაობის შესახებ. მიხეილ კანდელაკი გორის პოლიციის უფროსადაც მუშაობდა, 2006 წელს.
გუბერნატორად ,,ქართუ ბანკის" ერთ-ერთი მენეჯერი ზურაბ რუსიშვილი დაინიშნა, ხოლო გიორგი თოთლაძე მის პირველ მოადგილედ. პირველი მოადგილე, სხვა მოადგილეებისგან განსხვავებით, მთავრობასთან შეთანხმებით, ინიშნება.
ძიუდოში ახალგაზრდობისას წარმატებული ვიცე-გუბერნატორი, ამჟამად, ახალ გეგმებზე მუშაობს, ყოველ შემთხვევაში, მისმა ძმამ ასე განაცხადა.
ორი თვის წინ, მასთან ქარელის მაჟორიტარი დეპუტატობის ვერსიის საკითხიც განვიხილეთ, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება.
,,ესეც ტყუილია. მე თუ წავედი თანამდებობიდან, რუსეთში ჩემი ბიზნესი მაქვს და იმას მივხედავ" - გვითხრა ორი თვის წინ გიორგი თოთლაძემ.
ქარელის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის ემზადება, ასევე, კიდევ ერთი მოჭიდავე, ქარელის მუნიციპალიტეტის ამჟამინდელი გამგებელი ზაზა გულიაშვილი: ,,მე არც მაჟორიტარობა მინდა და არ არის გამორიცხული, გამგებლის ვადის ამოწურვის შემდეგ, მეც ჩემ კერძო საქმიანობას მივხედო" - გვითხრა ანალოგიურ პერიოდში ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა.
საკადრო საკითხებთან დაკავშირებით გულიაშვილსა და თოთლაძეს შორის უთანხმოება ჯერ კიდევ მაშინ ჩამოვარდა, როდესაც ქარელის მუნიციპალიტეტში 2015 წლის დასაწყისში საჯარო მოხელეთა შესარჩევი ატესტაციები ჩატარდა.
32 წლის თოთლაძე ჭიდაობა-ძიუდოში რაიონსა და საქართველოს 1998 წლიდან ასახელებდა. ასე მაგალითად, 1998 წელს ჭიდაობა-ძიუდოში საქართველოს ჩემპიონი გახდა. 1999 წელს გორის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. 2000 წელს ახალგაზრდული ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი გახდა; 2002 წელს ევროპის ჩემპიონის ტიტული ახალგაზრდებს შორის მოიპოვა; 2003 წელს კი ახალგაზრდებს შორის ჭიდაობა-ძიუდოში მსოფლიოს ვერცხლის პრიზიორი გახდა.
ქარელის საკრებულოს თავმჯდომარის ვანო არდემანაშვილის თქმით, ტრავმამ ახალგაზრდა მოჭიდავეს კარიერა დაუსრულა. სამაგიეროდ, სპორტიდან წასული თოთლაძე პოლიტიკაში გამოჩნდა.
2008 წლის მაისში, ,,ნაციონალების" დროს, ქარელის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულად დაინიშნა და ამ პოსტზე 2009 წლის ნოემბრამდე დაჰყო. 2010 წლის სექტემბერში ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ დაინიშნა და ოქტომბრის ბოლოს გადადგა.
პარტია ,,ქართულ ოცნებაში" 2013 წლის იანვარში შევიდა
,,როდესაც მივატოვე ,,ნაციონალური მოძრაობა", ცოტა ხანს რუსეთში წავედი. იქ იმ დრომდე გავჩერდი, ვიდრე არ მივხვდი, რომ ჩემი თავი სამშობლოს ჭირდებოდა. ამიტომ, დავბრუნდი საქართველოში და გავწევრიანდი ბიძინა ივანიშვილის ,,ქართულ ოცნებაში" - გვითხრა ერთხელ თოთლაძემ.
ყოფილი წარმატებული სპორტსმენმა, ბოლო დროსაც, რუსეთში წასვლის გეგმებზე ისაუბრა. დაბრუნდება თუ არა კვლავ ის რუსეთიდან 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში, ეს სწორედ არჩევნების პერიოდში გაირკვევა.
რაც შეეხება შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილის პოსტს, ის ბოლო ორი თვის განმავლობაში, ამ თანამდებობაზე აქტიურად აღარ მუშაობდა. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, რომ თოთლაძემ ბოლო ,,გაფრთხილება" მაშინ მიიღო, როდესაც სოფელ რუისთან მოსახლეობამ აქცია გამართა და ადგილობრივები რაიონის გამგებელს ზაზა გულიაშვილს დაუპირისპირდა. ზაზა გულიაშვილმა მინიშნება მაშინ, სწორედ, არა იდეურ, არამედ პარტიულ მოწინააღმდეგებზე გააკეთა.
ფოტოზე: მარცხნივ გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი, მარჯვნივ - გიორგი თოთლაძე
სტატიის გამოყენების პირობები