ახალი ამბები
მიტროპოლიტი იობ აქიაშვილი 60 წლის გახდა
მიტროპოლიტი იობი (ერისკაცობაში — ელგუჯა ზურაბის ძე აქიაშვილი)  60 წლის გახდა.

ურბნისისა და რუისის ეპარქიის ხელმძღვანელი,  1960 წლის 25 მაისს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სნოში დაიბადა. 1977 წელს დაამთავრა სნოს საშუალო სკოლა.

1978 წელს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიურ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. სტუდენტობის წლებში ეკლესიური ცხოვრება სიონის საკათედრო ტაძარში დაიწყო.

1982 წელს ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, საპატრიარქოში ეკონომისტად დაიწყო
მუშაობა, ხოლო ერთი წლის შემდეგ დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-სამეურნეო განყოფილების უფროსის მოადგილედ.

1985 წელს ჩაირიცხა მცხეთის სასულიერო სემინარიაში. არდადეგების დროს მორჩილებას გადიოდა ბეთანიის მამათა მონასტერში და მარტყოფის საპატრიარქო რეზიდენციაში

1988 წლის 3 იანვარს სამთავროში მისი ბერად კურთხევის წესი ეპისკოპოსმა ზოსიმემ (შიოშვილი) შეასრულა, სახელდებით იობი. იმავე წლის 19 იანვარს ნათლისღებას, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ აკურთხა დიაკვნად, ხოლო ამავე წლის 28 მარტს მღვდლად.

1988 წლის 22 ივნისს დაინიშნა მარტყოფის ღვთაების მონასტრის წინამძღვრად.

1989 წლის ზაფხულში მონაწილეობა მიიღო მისიონერულ მოგზაურობაში, რომელიც მოეწყო აჭარაში.

1989 წლის 3 სექტემბერს აყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში, ამავე წლის ოქტომბერში აჭარაში, სხალთის ახალ-გახსნილ მამათა მონასტერში გადაიყვანეს, სადაც ერთი წელი დაჰყო.

1990 წლის 28 აგვისტოს ვარძიაში არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანეს. 1990 წლის სექტემბერში გადაიყვანეს აფხაზეთში კომანის მონასტერში.

1990 წელს საპატრიარქოს ახლადჩამოყალიბებული სოფლის-მეურნეობის განყოფილების თავმჯდომარედ დანიშნეს, იმავდროულად მარტყოფის ღვთაების მონასტრის წინამძღვარი გახდა.

1992 წელს წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით მანგლელი ეპისკოპოსი გახდა. სექტემბერში, სტუდენტთა აღმზრდელობით დარგში, თბილისის სემინარიისა და აკადემიის პრორექტორად დაინიშნა.

1992 წლის 28 დეკემბერს წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით ბათუმ-შემოქმედის ეპარქიაში მმართველად გადაიყვანეს და ხულოს სასულიერო სასწავლებლის რექტორად დაინიშნა.

1995 წლის გაზაფხულზე ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის გაყოფის შემდეგ ბათუმისა და სხალთის ეპარქიის მმართველად დაინიშნა.

1996 წლის 21 ოქტომბრიდან ურბნისისა და რუისის ეპარქიის მმართველია და კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი გახდა..

1996 წლის 25 დეკემბერს აყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში, ხოლო 2000 წლის 28 ნოემბერს — მიტროპოლიტის ხარისხში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები