საუბარია 4400 ლარზე. მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი თემურ მანველიშვილი ამბობს, რომ ადგილობრივი რესურსი სასამართლო წარმოებაში ჩასართავად არასაკმარისია, თანაც კონკრეტული საქმე სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს, ხოლო პროცესზე სისხლის სამართლის სფეროში გათვითცნობიერებული, თანაც მერის სახელით აღჭურვილი იურისტია საჭირო.
საკრებულოს წევრი თამარ თედლიაშვილი, ,,თავისუფალი დემოკრატებიდან" აცხადებს, რომ კერძო ადვოკატი არასანდოა, რადგან მას ვინც მეტს გადაუხდის, იმას ემსახურება. ამ საკითხმა სხდომაზე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
,,მაპატიონ ადვოკატებმა, მაგრამ დაქირავებული ადვოკატი ისე გულიანად არ მოეკიდება საქმეს, როგორც საჯარო მოხელე. მე ყოველთვის გულიანად ვუდგებოდი საქმეს და ვინც ფულს მიხდიდა, იმის შეკვეთას ვასრულებდი" - განაცხადა თამარ თედლიაშვილმა, რომელიც საკრებულოს წევრობამდე კერძო ადვოკატად მუშაობდა.
საუბარში საკრებულოს წევრი, ,,ქართული პარტიის" წარმომადგენელი რამაზ იოსელიანი ჩაერთო და დასძინა, რომ შესაძლოა, იმ კერძო ადვოკატს მეორე მხარემ უფრო მეტი ფული გადაუხადოს და საქმე წააგებინოს.
საბოლოოდ, მერიას უარი ეთქვა კერძო, იურიდიული კომპანიის დაქირავებაზე, შესაბამისად, მერიის იურიდიული სამსახურის სპეციალისტებს ,,დილას" სტადიონის ყოფილი მეპატრონის, მიხეილ ლურსმანაშვილის მოპასუხედ გამოსვლა მოუწევთ.
საქმე იმაშია, რომ 2004 წელს, ძალოვან უწყებაში ირაკლი ოქრუაშვილის ხელმძღვანელობის პერიოდში, გორის ,,დილას" მეპატრონეებს ქონება ჩამოერთვა და ის ადგილობრივ ხელისუფლებას ,,ეჩუქა". 2013 წელს, როდესაც ხელისუფლებაში ,,ქართული ოცნება" მოვიდა, ყოფილმა მეპატრონეებმა განცხადება პროკურატურაში შეიტანეს, თუმცა პროკურატურის მაშინდელი პასუხის მიხედვით, განცხადება სისხლის სამართლის ნიშნებს არ შეიცავს.
ამჟამად, მთავარ პროკურატურაში შექმნილი სპეციალური დეპარტმანეტი, მიხეილ ლურსმანაშვილისა და სხვათა განცხადებას ხელმეორედ იხილავს. მერია ფიქრობს, რომ შესაძლოა საქმე ,,შებრუნდეს" და დიდი ალბათობით სტადიონი ქალაქის მთავრობას ისევ ჩამოერთვას.
,,ეს ბრძოლა რომ მოვიგოთ, ამიტომ გვჭირდება კვალიფიციური იურისტი, რომელიც ამ საქმეზე იქნება გადართული" - განაცხადა ქალაქის მერმა.
სტატიის გამოყენების პირობები