ახალი ამბები
გორმა 22-ე საუკუნეზე უარი თქვა - ,,თქვენ კი დამცინიხართ"

 

,,მეუბნებით 22-ე საუკენეში შეგყავართო და თან დამცინიხართ" - განუცხადა ქალაქის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა საკრებულოს ოპოზიციურ წევრებს, რომლებიც წარმოდგენილები არიან: ნაციონალებით, ქართული პარტიით და თავისუფალი დემოკრატებით. ოპოზიციის ამ გადაწყვეტილებას ,,რესპუბლიკელიც" შეუერთდა.

 

ოპოზიციას მიაჩნია, რომ სააგენტო, რომელმაც 3 წლის განმავლობაში ქალაქის მოსახლეობას კეთილდღეობა არ მოუტანა, დამატებითი თანხებით აღარ უნდა ფინანსდებოდეს. მით უმეტეს, თუკი დამატებითი თანხები კვლავ სახელფასო ფონდისკენ მიდის. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მიერ გადაღებულ ფოტოზე ჩანს, რომ სადავო 19 500 ლარი ხელფასებზე მიდის.

 

 

ქალაქის მერის არგუმენტების დაცვა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ნინო ზურაბიშვილმა სცადა. მან მოწინააღმდეგე ფრთის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ ისინი უარს ამბობენ ინტელექტუალურ სიკეთეზე, რადგან აღნიშნული ორგანიზაცია ევროკავშირისა თუ ვიშეგრადის ქვეყნების თანადაფინანსებით  საგანმანათლებლო ტრენინგებს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისთვის ახორციელებს.

 

,,თავისუფალმა დემოკრატებმა" ააიპ ,,გორის მუნიციპალური განვითარების სააგენტო"-ს 3 წლიანი საქმიანობა კრიტიკის ქარცეცხლში ჯერ კიდევ ბიუროს სხდომაზე გაატარა. როგორც დავით წეწვაძემ დაითვალა, 3 წლის განმავლობაში ამ ორგანიზაციამ თითქმის 200 000 ლარი გახარჯა. დავით წეწვაძე 2013 წელს ,,მუნიციპალური განვითარების სააგენტოს" ხელშეწყობით უკრაინის ერთ-ერთ ქალაქში მაშინდელ გამგებელთან და მის თანაშემწესთან ერთად იმყოფებოდა და დეტალურად იცის, რა შინაარსის ვიზიტებზეა საუბარი.

 

ამავე პარტიის წევრი თამარ თედლიაშვილი ითხოვს იმ პირთა სიას, რომლებმაც ინტელექტუალური სიკეთე აღნიშნული ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ პროექტებით მიიღეს და, ამავე დროს, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, თანაგუნდელის მსგავსად, იმოგზაურეს. მას ეს სია ჯერ არ მიუღია. მასსა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს შორის ცხარე დისკუსია გაიმართა. თამარ თედლიაშვილმა ნინო ზურაბიშვილს მოუწოდა, რომ საკრებულოს წევრების ,,დატრენინგება" შეეწყვიტა.

 

,,თქვენ ეხლა ტრენინგს გვიტარებთ, ქალბატონო ნინო? ძალიან კარგად ვიცით, რა არის ინტელექტუალური პროდუქტი და ქუჩის დაგვა" - უთხრა თამარ თედლიაშვილმა ნინო ზურაბიშვილს. ნინო ზურაბიშვილის თქმით, პროდუქტი არ შეიძლება იყოს, მხოლოდ, დაგებული ასფალტი და დაგვილი ქუჩა, პროდუქტი შეიძლება იყოს ინტელექტუალური რესურსის მიღებაც. 

 

საბოლოოდ, ოპოზიციისთვის მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი არგუმენტი აღნიშნული საკითხის დასამტკიცებლად. ააიპ ,,გორის მუნიციპალური განვითარების სააგენტოს" აღარ მოუწევს ახალი თანამშრომლების აყვანა იმ სამუშაოების შესასრულებლად, რაზეც გორის მერიამ რამდენიმე კვირის წინ ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის ცენტრთან მემორანდუმის გააფორმებით ვალდებულება აიღო. აღნიშნული ცენტრის ინიციატივით, გორში ახალგაზრდებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის თანამედროვე ინოვაციური ტექნოლოგიების თაობაზე ტრენინგები უნდა ჩატარებულიყო.

 

იხ. ვიდეო

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები